ახალი ამბები

პროკურატურა: ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების დაკითხვა შესაძლებელი უნდა გახდეს

7 მაისი, 2016 • 4045
პროკურატურა: ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების დაკითხვა შესაძლებელი უნდა გახდეს

მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, მაია კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტთა დაკითხვა ან გამოკითხვა.

ეს განცხადება მაია კვირიკაშვილმა პარლამენტში, ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშის საკომიტეტო განხილვაზე გააკეთა. საქმე ეხებოდა სურამში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი პაციენტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რაზეც ომბუდსმენის ანგარიშში იყო საუბარი.

“8 პაციენტმა მიუთითა, რომ მათზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა ექთნის თანაშემწეების (სანიტრების) მხრიდან. ამასთან, პაციენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადგილი აქვს პაციენტებს შორის. გამოკითხული პაციენტები განმარტავენ, რომ სანიტრების მხრიდან ძალადობა გამოიხატა ხელებით და ჯოხებით ცემაში,”- ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

მაია კვირიკაშვილის თქმით, ამ საქმეზე ექსპერტიზა დაენიშნა 96 პირს, საიდანაც 80-მდე ექსპერტიზა დასრულდა და აქედან, 17 პირს აღენიშნებოდა დაზიანებები.

“აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ამ პაციენტების დაკითხვის თემა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უთითებს, რომ რომ 50-ე მუხლის თანახმად, მოწმე ან გამოსაკითხი პირი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია აღიქვას და დაიმახსოვროს გარკვეული ფაქტები.

თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამინების აზრის გარკვეულწილად საერთოდ არმოსმენა არ იქნება სწორი. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოძიებისას მონაწილეობის საკითხებზე რეკომენდაცია. ეს რეკომენდაცია გავაგზავნეთ ევროსაბჭოში თხოვნით, რომ გაეკეთებინათ რევიზია, რამდენად სწორი იყო რეკომენდაციაში მითითებული მიდგომები. დღეის მდგომარეობით, უახლოეს დღეებში ველოდებით ამ რეკომენდაციის მიღებას. ასევე, ამ რეკომენდაციის შემუშავების დროს გავითვალისწინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა შშმ პირებს.

მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ასეთ დათქმას, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება, ექიმის თანდასწრებით, კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, ამ ადამიანების მოსმენა და ინფორმაციის მიღება. მეორე საკითხია, მოხდება თუ არა გაზიარება და დაყრდნობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. მაგრამ ცალსახად ვთვლი, რომ მოსმენა უნდა განხორციელდეს ამ პირების“, – აღნიშნა მაია კვირიკაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი