ახალი ამბები

რატომ დააფინანსა ივანიშვილმა კიწმარიშვილი

1 ნოემბერი, 2011 • 2182
რატომ დააფინანსა ივანიშვილმა კიწმარიშვილი

“ქართული პარტიის” ერთ–ერთ ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელთან თანამშრომლობაზე ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ღიად თქვა უარი, მანამდე ბიზნესმენის საქველმოქმედო ფონდიდან ნახევარ მილიონზე მეტი თანხით დაფინანსდა.

ღია წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სამჯერ მოიხსენია ეროსი კიწმარიშვილი.

ივანიშვილმა ფსევდოოპოზიციური უწოდა “ქართულ პარტიას”, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს – ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამის გამო არ ითანამშრომლებდა არც “ქართულ პარტიასთან” და არც ეროსი კიწმარიშვილთან.

იმავე წერილში ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია “მაესტროსთან” დაკავშირებით მოიხსენია.

“მე ვე­კითხე­ბი “მა­ეს­ტ­როს” ჟურ­ნა­ლის­ტებს და თუნ­დაც მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­სა თუ დამ­ფუძ­ნებ­ლებს – რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ას მარ­თავს ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის კომ­პა­ნია, ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, მი­სი­ვე აღი­ა­რე­ბით 2008 წელს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად და­ა­სა­მა­რა ხალ­ხის რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ვი­ღა­ცას ჰქონ­დეს ილუ­ზია, რომ ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტყ­ვის გა­რან­ტი?” – ნათვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

კიდევ ერთხელ კი კიწმარიშვილი ივანიშვილმა წერილის იმ ნაწილში ახსენა, სადაც, ასევე, დაკვეთაზე საუბრობდა და ტელეკომპანია “კავკასიის” წარმომადგენელს, დავით აქუბარდიას მიმართა:

“იმა­ვე სა­ღა­მოს თქვენ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გყავ­დათ სტუმ­რად და თუ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში თქვენ ნამ­დ­ვი­ლად მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იდე­ქით, კიწ­მა­რიშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას სა­ოც­რად დათ­რ­გუ­ნუ­ლი, ყალ­ბი, უნი­ა­თო ბრძან­დე­ბო­დით და აშ­კა­რად გეტყო­ბო­დათ, რომ დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­დით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის კრიტიკას ეროსი კიწმარიშვილი იმავე დღეს, 12 ოქტომბერს, გამოეპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი პერსონით ასეთი გაღიზიანება.

„ეს, შესაძლოა, ჩვენს წარსულ ბიზნეს-ურთიერთობებს უკავშირდებოდეს“, – განაცხადა „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ბიზნეს–ურთიერთობები აკავშირებდა წარსულში ივანიშვილს  კიწმარიშვილთან.

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა ინფორმაცია ივანიშვილის კუთვნილი საქველმოქმედო ფონდებიდან გაღებული შემოწირულობების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წელს მისი ფონდი კიწმარიშვილის ფონდს 564 450 ლარით შეეწია.

ფონდმა “ორიათას ოცმა (2020)” აღნიშნული თანხა კონკრეტული პროექტისთვის მიიღო: “ეროვნული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავება, რომელიც წარმოადგენს სამომავლო პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების მოდელს ეკონომიკური და სოციალური დაგეგმვის სფეროებში”.

თუმცა უცნობია, განხორციელდა თუ არა რეალურად აღნიშნული პროექტი.

თავად ფონდის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ეროსი კიწმარიშვილმა ამ საკითხებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთთან” საუბარი არ ისურვა. “ქართული პარტიის” პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ კიწმარიშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

იგივე საკითხის გასარკვევად “ნეტგაზეთმა” შეკითხვით  1 ნოემბერს თავად ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომელმაც კიწმარიშვილის დაფინანსების ფაქტი ვერ გაიხსენა:

“ინფორმაცია, მე მგონი, მცდარია, მე ეროსი არასდროს არ დამიფინანსებია, გულწრფელად გეუბნებით. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია წერილობით გამოაქვეყნოთ და გაგცემთ შემდეგ პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის ფონდმა მართლაც გადაურიცხა თანხა ფონდ 2020–ს, “ნეტგაზეთს” თავად ივანიშვილის კუთვნილმა “ქართუ ჯგუფმა” მიაწოდა. რაც შეეხება თავად ფონდ 2020–ს, მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე რომ ნამდვილად ეროსი კიწმარიშვილია, ეს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითაა დადასტურებული. იმავე ამონაწერში მითითებულია, რომ ფონდს რამდენიმე დირექტორი ჰყავს, კერძოდ: ნოდარ რაზმაძე, რევაზ ადამია და ლევან ტვილდიანი.

ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ 2009 წლის მაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდ “2020”–ს 2009 წლის 12 მაისს უნდა გაემართა ახალი პროექტის – „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის“ პრეზენტაცია.

იმავე სააგენტოების ცნობით, “ფონდი მიზნად ისახავს 2020 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. ამავე მიზნით ხორციელდება შემდეგი პროექტები: ეროვნული განვითარების სტრატეგია, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დაფუძნება (GESARI), მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების 2013-2020 წლების ეროვნული განვითარების სტრატეგია, თვითმმართველობის ინსტიტუტების ხელშეწყობა, დემოკრატიული და მედიაინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული უმცირესობის პრობლემატიკა, საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება, ქართულ-ევროპული დიალოგი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის საბჭოს შექმნა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ქარტიის რეალიზაციის ხელშეწყობა.”

პროექტის – „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის“ პრეზენტაცია 2009 წლის 12 მაისში ეროსი კიწმარიშვილსა (იმ დროისთვის საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში) და რეზო ადამიას (საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში) უნდა გაემართათ, თუმცა თავად რეზო ადამია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ფონდის საქმიანობას 2007 წლის შემდეგ ჩამოშორდა.

“მაგ ფონდში უკვე აღარა ვარ 3 თუ 4 წელია. მე ვიყავი დამფუძნებელი 2006–ში ამ ფონდის, 2007–ში, როდესაც გავაკეთეთ პროექტი – კოდორში სათხილამურო სპორტის, მერე მე იქიდან წამოვედი, იმიტომ, რომ მე პოლიტიკურ საქმიანობაში არ ვერევი. 2009 წელს მე ფონდში აღარ ვიყავი და არც ბიძინა ივანიშვილთან მქონია რაიმე შეხება. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად მოუმზადებელია”, – აცხადებს რეზო ადამია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად ეროსი კიწმარიშვილმა უარი განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარზე, რათა გაგვერკვია, თუ რას მოხმარდა ივანიშვილის ფონდისგან 2009 წელს მიღებული დაფინანსება – 564 450 ლარი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ 2009 წელს ახერხებს ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია “მაესტროს” მართვის უფლების მოპოვებას: 2009 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „მაესტრო“ მართვის უფლებით, სამი წლის ვადით, გადაეცა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“, რომლის 100%–ანი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილია. 2010 წლის ბოლოს “მაესტრომ” ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე დღით შეაჩერა მაუწყებლობა.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობის დატოვება, როგორც ბექაური აცხადებდა – ფინანსური პრობლემების გამო. ბექაურის განცხადების თანახმადვე, ფინანსური პრობლემები არხზე “მაესტროს” ეროსი კიწმარიშვილისთვის მმართველობაში გადაცემის შემდეგ შეიქმნა, რადგან, მისივე განცხადებით, კიწმარიშვილი “მაესტროს” პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებდა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მისი დაფინანსება შეწყვიტა.

აპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2009 წელს ტელეკომპანია “მაესტროს” შეძენას და ამის გამო გადაუხადა თუ არა კიწმარიშვილის ფონდს ნახევრ მილიონზე მეტი? – ამ კითხვაზე პასუხი იმ დრომდე იქნება გაუცემელი, სანამ კიწმარიშვილი არ დაარღვევს დუმილს, ივანიშვილი კი გაიხსენებს – როდის და რატომ დააფინანსა კიწმარიშვილის ფონდი.

ტელეკომპანია “მაესტროს” ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არა აქვს კიწმარიშვილისა და ივანიშვილის ფონდების კავშირის თაობაზე “მაესტროსთან” დაკავშირებით.

ივანიშვილმა “მაესტროს” ყიდვის თაობაზე შეთავაზება არხის ხელმძღვანელობას 2011 წლის ოქტომბერში გაუკეთა, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა.

“მზად ვარ, თქვენს წი­ნა­შე ავი­ღო ყვე­ლა ის ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რი [ეროსი კიწმარიშვილი, ავტ.], კაც­მა არ იცის, სა­ი­დან მო­ტა­ნი­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ას­რუ­ლებს (ან არ ას­რუ­ლებს) თქვენს წი­ნა­შე”, – ნათქვამია ივანიშვილის მიერ 2011 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლითაც მან ტელეკომპანია “მაესტროს” მიმართა.

ამ შეთავაზებას იმავე დღეს გამოეხმაურა კიწმარიშვილი, რომელმაც 1 ლარად შეთავაზა ივანიშვილს “მაესტროს” მართვის უფლების გადაცემა. კიწმარიშვილმა ამის ერთადერთი პირობა წამოაყენა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი „მაესტროს“ მენეჯმენტს ინვესტიციების საკითხზე უნდა შეთანხმებოდა.

ეროსი კიწმარიშვილმა იქვე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მზად იყო, დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა თავის ადვოკატებს ჟენევაში „მაესტროს“მართვის უფლების გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.  კიწმარიშვილის ამ შეთავაზებას ბიძინა ივანიშვილი აღარ გამოხმაურებია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ყოფილი დამფუძნებელი და საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაემიჯნა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილთან ყოველგვარი კონტაქტი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი