პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა ბრძანებით უკვე დაამტკიცა.
კომისიის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
კანონის შესაბამისად, ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს ინსპექტორს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.
ახალდანიშნული ინსპექტორის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
მოქმედი ინსპექტორი თამარ ქალდანი ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით დაინიშნა 2013 წლის 1 ივლისს. ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.