ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: კონფლიქტის ზონაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა შედეგს მოიტანს

5 მაისი, 2016 •
ზაქარეიშვილი: კონფლიქტის ზონაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა შედეგს მოიტანს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რუსეთის პასუხისმგებლობაზე ხაზგასმა შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ეს განცხადება ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა. ეს არის ძალიან ცალსახა, მკაფიო მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა, რეფორმებისა და ძალიან მკაფიო ტერმინებია გამოყენებული. პირდაპირ მინიშნებულია ადრესატი – რუსეთი, რომელიც ახორციელებს ეფექტურ მმართველობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორაზე. რაც მთავარია, მკაფიოდ არის ჩამოთვლილი საკითხები, რაზეც მუდმივად ვიბრძვით და ვლაპარაკობთ. ეს არის პირველ რიგში მშობლიურ ენაზე სწავლების პროცესები, აქ იგულისხმება ქართულ ენაზე ეთნიკური ქართველებისთვის სწავლების შეზღუდვა, გადაადგილების უფლება, საკუთრების ხელმისაწვდომობა.

ეს არის სერიოზული გადამისამართება სწორედ ადრესატზე – რუსეთზე, და დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის შეტევა, ამ ტიპის მუდმივი პროექცირება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად გამოიღებს შედეგს,”- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

2016 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიში – “კონფლიქტი საქართველოში”. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი