ახალი ამბებისაზოგადოება

სახალხო დამცველი პარლამენტს ОДР-ების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

5 მაისი, 2016 •
სახალხო დამცველი პარლამენტს ОДР-ების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც შეიცვალა ე.წ. ОДР-ების ინსტიტუტების არსი, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკაში განხორციელება. სახალხო დამცველი გამოეხმაურა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვივერსიტეტში მარტში განვითარებულ მოვლენებსაც:

– “წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად შეიცვალა ე.წ. ОДР-ის ინსტიტუტების არსი. აღარ არსებობს უწყებათა განუსაზღვრელი წრე, საიდანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეიძლება მიეწოდოს განუსაზღვრელი სახისა და მოცულობის ინფორმაცია. თუმცა ამ ცვლილების მიუხედავად,  2016 წლის მარტში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია უნივერსიტეტში ე.წ. ОДР-ების არსებობის შესახებ. ამიტომ აუცილებელია, საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს და არ იარსებოს საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუციებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოგროვების მახინჯმა პრაქტიკამ. მოგეხსენებათ, სასწავლო დაწესებულებებში აიკრძალა ამ ინსტიტუტების არსებობა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. ОДР-ის ინსტიტუტის გამოყენება. მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გმაოირიცხა გასული წლიდან”.

ეს განცხადება სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაახმიანა. უჩა ნანუაშვილმა კომიტეტს საკუთარი ანგარიში წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი