ახალი ამბები

ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ათეული სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

5 მაისი, 2016 • 1402
ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ათეული სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული სავარაუდოდ დღეს გახდება საჯარო. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, სიის პირველი ათეულის გამჟღავნებას ისინი ჯერ არ აპირებდნენ, თუმცა დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა ეს პროცესი დააჩქაროს.

დღეს პარტია დატოვა გიორგი ვაშაძემ. მან ამის მიზეზად დაასახელა პარტიაში დახურული მმართველობის სტილი, რომელიც ვაშაძის თქმით, შექმნეს გიგა ბოკერიამ, მიშა მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ. ამის საპასუხოდ მაჭავარიანი ამბობს, რომ ვაშაძე, რომელიც “სიის პირველ ათეულში ადგილს ან ლიდერის სტატუსს ითხოვდა”, სინამდვილეში განაწყენდა იმის გამო, რომ მისი მოთხოვნა პოლიტსაბჭომ არ დააკმაყოფილა.

მაჭავარიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პარტიის ძველი სახეებიდან სიის პირველ ათეულში მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან. დარჩენილ 8 ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, რომლებიც “არც საპარლამენტო და არც პოლიტიკურ პროცესში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ”.

“გიორგი ქადაგიძეზე ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ. საბოლოო პასუხი არ ვიცით”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ მას ქადაგიძის ხილვა ენმ-ის სიის ათეულში სურს.

მაჭავარიანის ინფორმაციით, დღეს ენმ-ის სამდივნოს და პოლიტსაბჭოს სხდომებია ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი