ამომრჩეველთა სიების შესახებ იუსტიციის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. უწყებები ამ შეუსაბამობას განსხვავებული მეთოდოლოგიებით ხსნიან, “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ ცდომილება შესაძლოა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის “საბედისწერო” გახდეს.
2014 წლის ნოემბრის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს. აქედან, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, 18 წლის ან მეტის არის მოსახლეობის დაახლოებთ 78%. ეს იმას ნიშნავს, რომ 0-დან 17 წლის ჩათვლით არის დაახლოებით 800 ათასი ადამიანი, ხოლო სრულწლოვანი და, შესაბამისად, საარჩევნო ხმის უფლების მქონეა დაახლოებით 2.9 მილიონი ადამიანი.
იმ სიაში კი, რომელიც 2016 წლის 1 მაისს იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცა, 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია, რაც დაახლოებით 600 ათასით აღემატება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებს.
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რომელიც 2011-12 წლებში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ პრობლემაა, როდესაც ორი სახელმწიფო უწყება ერთმანეთისგან ასი ათასობით განსხვავებულ მონაცემებს დებენ.
“ეს კი შეიძლება გახდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საბედისწერო იმიტომ, რომ 3,600-ათასიან სიაში როდესაც ცდომილება არის დაახლოებით 600-700 ათასი, ეს ნიშნავს, რომ ცდომილება არის დაახლოებით 15%-ის ფარგლებში. ანუ, 15% ამომრჩეველთა სიაში შეიძლება გახდეს სამანიპულირებო. თავად განსაჯეთ, ამან როგორი ასახვა შეიძლება ჰპოვოს არჩევნების პროცესზე, როგორც წინაზე, ასევე არჩევნების დღეზე და შემდეგ არჩევნების შემდგომ პერიოდზე,”- ამბობს მამუკა კაციტაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ სია საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის:
“რა თქმა უნდა, შემიძლია, დაახლოებით ისევე მოვიქცე, როგორც იქცეოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, როდესაც მე ვიყავი ცესკოს თავმჯდომარე და ვთქვა, რომ ეს არის სიების გაბერვა და ა.შ., მაგრამ ეს განსხვავება არის ახსნადი. ბევრად უფრო დიდი პრობლემაა სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, ზეწოლა ამომრჩეველსა და კანდიდატებზე. ბევრად უფრო დიდი პრობლემა, რომელიც ახლა გაგვიჩნდა, არის ის, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ყოვლად არაკომპეტენტური ქმედების გამო დღემდე არ ვიცით, როდის არის არჩევნები და როდის იწყება საარჩევნო პერიოდი,”- ამბობს ლევან თარხნიშვილი ნეტგაზეთთან.
რაზე საუბრობენ უწყებები
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ცესკოსთვის სიის გადაცემის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და სტატისტიკის სამსახურის მეთოდოლოგია სხვადასხვაა.
მინისტრის განმარტებით, საქსტატმა დაითვალა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მოცემულ დღეს იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. სერვისების განვითარების სააგენტომ კი დაითვალა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა.
“ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ სიაში არ მოვახვედროთ ის ადამიანები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ. ისინი, დიახ, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა დროებით გაწყვეტილია მათთან კავშირი, მაგრამ დადგება დრო და მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას. ისინი არიან და მუდმივად იქნებიან საარჩევნო სიაში. გარდა ამისა, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში არის ყველა ის მოქალაქე, ვინც წასულია საზღვარგარეთ, თუმცა არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვგულისხმობთ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში და არავის აქვს უფლება, მათ საარჩევნო ხმის უფლება წაართვას,”- ამბობს წულუკიანი.
საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსის, პაატა შავიშვილის გამარტებით, სტატისტიკის სამსახურმა აღწერა მხოლოდ 2014 წლის 5 ნოემბერს საქართველოში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობა.
“ამის შედარება ერთმანეთთან, მე მგონი, არც შეიძლება იმიტომ, რომ სხვადასხვა წაყაროა, სხვადასხვა მეთოდია, მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიას ვითვლით,”- ამბობს პაატა შავიშვილი,
საყოველთაო აღწერის მონაცმებში არ შესულან ემიგრანტები. პაატა შავიშვილი ამბობს, რომ საქსტატმა აღწერისას ოჯახებისგან მიიღო ინფორმაცია 88 ათასი ემიგრანტის შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, მათი რეალური რაოდენობა ბევრად მეტია.
პაატა შავიშვილი ამბობს, რომ საყოველთო აღწერის შედეგებს საარჩევნო სიის დაზუსტებაზე გავლენა არ აქვს
“ინდივიდუალური მონაცმები არ გაიცემა. ამას კრძალავს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, ამიტომ სიების დაზუსტებისათვის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა არ გამოიყენება,”- განაცხადა პაატა შავიშვილმა.
როგორ ფორმირდება საარჩევნო სია?
როგორც ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე განმარტავს, ამომრჩეველთა სია მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მონაცემებისგან არ შედგება და სხვადასხვა უწყებიდან მიღებული მონაცმების საფუძველზე ფორმირდება.
საარჩევნო კოდექსის თანახამად, ეს უწყებებია: იუსტიციის, ლტოლვილთა და განსახლების, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა სამინისტროები; დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; საქართველოს საკონსულო დაწესებულებები, საქართველოს უზენაესი სასამართლო. გარდა ამისა, ცესკოს ინფორმაციას გადასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები იმ პირთა შესახებ, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ იუსტიციის სამინისტროსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, ასევე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი.
ეს უწყებები, ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს ცესკოს გადასცემენ.
ანა მიქელაძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ცესკოს ყველაზე მეტ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო აწვდის.
ამის შემდეგ ცესკო მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას იწყებს. ანა მიქელაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ცესკო კომპიუტერულად დაამუშავებს მიწოდებულ ინფორმაციას, სიებში არსებულ ახალ მონაცმებს გაუგზავნის საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები ინფორმაციას გადაანაწილებენ საუბნო კომისიებში. ასევე, ახლდება ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზეც.
“განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამომრჩევლებისთვის და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი მონაცმები. ასევე, როგორც რეგისტრირებულ პარტიებს, ასევე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემები და სურვილისა და მოთხოვნის შემთვევაში, ჩვენ მათ გადავცემთ სიის საჯარო ვერსიას ფოტოსურათებითურთ,”- ამბობს ანა მიქელაძე.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2″-ს ახორციელებენ, რომელიც სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ბაზების ხარისხის ამაღლებას, ასევე ცესკოსთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას გულისხმობს.