ახალი ამბები

ვენეციის კომისიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან

26 ოქტომბერი, 2011 • • 953
ვენეციის კომისიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან
დღეიდან ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით თბილისში მოწვეული ვენეციის კომისიის 4 ექსპერტი პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს იწყებს.

ისინი შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებთან გამართავენ.

ცალკე ფორმატში შეხვედრა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ე.წ. სარედაქციო ჯგუფთანაც გაიმართება.

პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ხაზს უსვამს ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილება.

“შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის და შედგება 12 პუნქტისაგან არის პროგრესული, წინგადადგმული ნაბიჯი და უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო კოდექსი, მაგრამ ხელისუფლებამ ამ შეთანხმების მიღმა კიდევ გააკეთა გარკვეული ცვლილებების ინიცირება და შეიტანა საარჩევნო კოდექსის პროექტში ახალი წინადადებები, და სწორედ ეს წინადადებებივე გაუგზავნა ვენეციის კომისიას, როგორც პროექტი და ახლა ცდილობს , რომ ეს საკუთარი ინიციატივები გაასაღოს როგორც ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ახალ ნოვაციებს. ეს ეხება როგორც ვიდეოთვალის გაუქმებას სააჩევნო უბნებზე, მარკირების გაუქმებას, ამომრჩეველთა რაოდენობის წინასწარ გამოქვეყნების აუცილებლობასა და მისი აკრძალვის მცდელობას ხელისუფლების მხრიდან და ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი პირების ღია მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში.

ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხებს ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დავაყენებთ. ერთის მხრივ, იმას, რომ გაფორმებული შეთანხმება პოზიტივია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საქმეში, და მეორეს მხრივ, არის პრინციპულად მიუღებელია ერთპიროვნული ნოვაციები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ვერ და არ გასაღდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებად,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კაციტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი