ახალი ამბები

როგორ დაფინანსდებიან პარტიები

25 ოქტომბერი, 2011 •
როგორ დაფინანსდებიან პარტიები
რა შეიცვლება საარჩევნო კოდექსში პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით და რა დამატებით რეგულაციებს აწესებს მთავრობა ამ საკითხის მიმართ?

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის სამინისტროს საბჭოს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე სამინისტრომ ისეთი დამატებითი რეგულაციები წარადგინა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის  2011 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების დებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ხატისკაცი მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აქცენტს GRECO–ს (ევროსაბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) მიერ 1 ივლისს გავრცელებულ რეკომენდაციებზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ რიგ საკითხებზე მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს გათვალისწინებული ის შენიშვნები, რაც ევროსაბჭომ დასვა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მუხლობრივი ფორმულირებები, შესაბამისად, სამართლებრივი ანალიზის გაკეთება ჯერ ნაადრევია.

“ჩვენი და GRECO–ს რეკომენდაციების ნაწილი, რომელსაც მთავრობას ვუყენებთ, ის არის, რომ უნდა არსებობდეს მუდმივი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც პარტიების დაფინანსებას გააკონტროლებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, ყოველწლიურად და რეგულარულად. მაგალითად, ჩვენი რეკომენდაციაა ის, რომ უნდა არსებობდეს ანგარიშგების ერთნაირი ფორმები, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს და ეს ფორმა უნდა იყოს საკმაოდ დეტალური და ერთნაირი, როგორც საარჩევნო კამპანიისთვის, ასევე – წლიური ანალიზისთვის. უნდა არსებობდეს აუდიტის მაღალი სტანდარტები, რომლებიც დღეს არ არსებობს და პარტიები შიდა აუდიტს  ნებისმიერ აუდიტორულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ატარებენ, რაც არასწორია”, – აღნიშნავს  ხატისკაცი.

GRECO 2011 წლის მოხსენებაში არამართებულად მიიჩნევს ქართულ პარტიათა პირდაპირი საჯარო ფონდებიდან (საბანკო ტრანსფერები) დაფინანსების საკითხს და საილუსტრაციოდ პარტიათა ამ გზით მიღებულ შემოსავლებს აქვეყნებს, რომელშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  1,789,298  ლარით ლიდერობს.

დასკვნა საარჩევნო კოდექსში არსებულ ხარვეზად ასევე საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს მსგავსი რესურსების გამოყენებაზე  ხელი არ მიუწვდებათ.  

არასამთავრობოები საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას და დანერგვას მოითხოვენ.  

“არსებობს ინიციატივა შემოწირულობებთან დაკავშირებით. ახალი ინიციატივის თანახმად, ბიზნესკომპანიებს უნდა შეეზღუდოთ შემოწირულობები და ამის განხორცილების შესაძლებლობები პოლიტიკური პარტიებისთვის აღარ უნდა ჰქონდეთ. ასევე, დაწესდეს პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ე.წ. ზედა ჭერი, რომლის თანახმადაც, არც ერთ პარტიას იმაზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება, რაც კანონით განისაზღვრება. ასევე ჩვენი და GRECO–ს ერთობლივი ინიციატივაა, რომ თანხები, რომელსაც პარტია გადარიცხავს წინასაარჩევნო ფონდში, უნდა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია ამის შესახებ დეტალურად უნდა არსებობდეს,” – აღნიშნავს ხატისკაცი.

არსებული საკითხებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, არასამთავრობო სექტორი მთავრობის წინაშე წარდგენილ რეკომენდაციებს პირობითად ორ ნაწილად ყოფს.   

“ერთი შეეხება იმ ნაწილს, რომლის გათვალისწინება შესაძლებელია და ის კონსულტაციებს არ საჭიროებს, ეს შეეხება ანგარიშგების გამჭვირვალობას. მეორე  ნაწილი, რომელიც მთავრობასთან კონსულტაციებს საჭიროებს, შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პარტიებისთვის ე.წ. ზედა ჭერის დაწესება, იურიდიული პირებისთვის შეზღუდვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს შემოწირულობის განხორციელებაზე,” – განაცხადა ხატისკაცმა.

ის მსგავსი ცვლილებების განხორციელების წინაპირობად პოლიტიკურ პარტიათა შორის დისკუსიის დაწყებას მიიჩნევს.


ამავე თემაზე:
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ
რაზე შეუთანხმდა ხელისუფლებას ოპოზიციის ნაწილი
საარჩევნო კოდექსის სადაო პუნქტები

მასალების გადაბეჭდვის წესი