ახალი ამბები

გამოძიება ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ტრეფიკინგის შესახებ

25 ოქტომბერი, 2011 •
გამოძიება ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ტრეფიკინგის შესახებ

მეტალურგიული ქარხნის ინდოელი თანამშრომლები
მეტალურგიული ქარხნის ინდოელი თანამშრომლები

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა ”ჰერკულესში” დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა გამოძიებას ატარებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ინდოეთის მოქალაქეების ტრეფიკინგის ფაქტზე.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წლის 26 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო შპს ”ევრაზიანსტილსის” ქარხანა ”ჰერკულესში” ინდოეთის მოქალაქეების ექსპლოატაციის ფაქტზე. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია ქუთაისში მდებარე ქარხანა „ჰერკულესში“ ინდოეთის მოქალაქეებისათვის პასპორტების შესაძლო ჩამორთმევის, გადაადგილების შეზღუდვისა და ექსპლოატაციის შესახებ.

ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესი” ნაწილობრივ ინდური ინვესტორების მიერ არის შექმნილი და იქ ამჟამად ინდოეთის 200-მდე მოქალაქე მუშაობს. საწარმო ჯართის გადადნობით სამშენებლო მასალას – არმატურას აწარმოებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად დაკითხულია ”ჰერკულესის” ორმოცამდე რიგითი მუშა და გრძელდება სხვა მუშების დაკითხვები. პროკურატურისვე ცნობით, ჯერჯერობით, ტრეფიკინგის ფაქტი არ დასტურდება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარხანა „ჰერკულესში“ 2009 წლიდან მუშაობენ ინდოეთის მოქალაქეები, ამჟამად იქ დასაქმებულია 204 მუშა, 226 წასულია ინდოეთში, ხოლო 28 მათგანი კვლავ დაბრუნდა მუშაობის გასაგრძელებლად. რიგითი, ყველაზე დაბალი სპეციალობის მუშების მინიმალური ხელზე ასაღები ხელფასი ძირითადად 400-450 ლარია, რაც ორჯერ აღემატება მათთვის ინდოეთში არსებულ შემოსავალს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საწარმო ყოველდღიურად უზრუნველყოფს მუშებს სამჯერადი კვებით, მუშები ცხოვრობდნენ სპეციალურად მათთვის ნაქირავებ სახლში, ამჟამად კი საწარმოს ტერიტორიაზე აშენებულია საერთო საცხოვრებელი სახლი, სადაც კარგი პირობებია– არის ინდივიდუალური საწოლები, ცივი-ცხელი წყალი, კარადა, დამლაგებელი. ხელფასი გაიცემა ყოველთვიურად, ხელზე, დაგვიანების გარეშე, 10-12 რიცხვში. მუშაობენ ორ ცვლად, შესვენებებით, დილის ცხრიდან 18 საათამდე და 21 საათიდან 06 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მუშაობა უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური მუშაობის რეჟიმით. სამუშაოს შესახებ ინდოეთში შეიტყვეს გაზეთის მეშვეობით, ნათესავების ან ანალოგიურ სამუშაოზე ყოფნისას. არასამუშაო დროს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, პასპორტის ან დანაზოგის ჩამორთმევას ადგილი არასდროს არ ჰქონია და კმაყოფილებას გამოთქვამენ ინდოეთზე უკეთესი პირობებით საქართველოში დასაქმების გამო. საწარმო უნაზღაურებთ ინდოეთში მგზავრობის ფულს, იმართება კორპორაციული ღონისძიებები, დათვალიერებული აქვთ ზღვისპირეთი, ანაკლია, სათაფლია. სურვილის შემთხვევაში, ტრანსპორტით უზრუნველყოფენ ბათუმსა და სარფში არსებულ მეჩეთში რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად. ოჯახთან კავშირი აქვთ მობილურის მეშვეობით, საერთო საცხოვრებელში არის ინტერნეტი და კომპიუტერი. დაცულია უსაფრთხოების ნორმები, აქვთ ჩაფხუტები, სპეცფეხსაცმელები და ხელთათმანები, უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

სამართალდამცავებმა ასევე დადგინეს, რომ ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ვიზა ეძლევათ საზღვარზე, რომლის ვადას აგრძელებს სამოქალაქო რეესტრი. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას კი მათ ეძლევათ ბინადრობის მოწმობა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხვისას აჩვენეს, რომ ინდოელები 2009 წლიდან პერიოდულად დადიან ვიზის გაგრძელების, ან ბინადრობის მოწმობის აღების მიზნით, პირადად წარადგენენ პასპორტებსა და საჭირო დოკუმენტებს (ფოტოსურათი, შრომის ხელშეკრულება, ქვითარი, განცხადების ბლანკი, ლეგალურად ყოფნის დოკუმენტი), ხოლო მათთან ურთიერთობას აგვარებს თარჯიმანი. გამოძიებას ანალოგიური ჩვენება მისცეს თავად ინდოელმა მუშებმაც.

”ჰერკულესის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რომან ლებანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან არ იცის, კონკრეტულად ვისი განცხადების გამო აღძრა საქმე პროკურატურამ და რატომ დაიწყო გამოძიება.

”მე არ ვიცი, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა თუ არა პროფკავშირებმა, მაგრამ მსგავსი ფაქტი თუ გაცხადდა, პროკურატურა ვალდებულია, რომ დაიწყოს გამოძიება.  იყო ბრალდება, რომ ტრეფიკინგს აქვს ადგილი ქარხანაშიო. პროფკავშირები საუბრობდნენ ქარხანაში არსებულ პრობლემებზე, რომ არ იყო საშხაპეები, სპეცტანსაცმელი და ა.შ,  მაგრამ ამის გამო არ შემოვიდოდა პროკურატურა. პროკურატურა ალბათ შემოვიდა იმიტომ, რომ ვიღაცამ საჩივარი შეიტანა ტრეფიკინგის გამო. ტრეფიკინგი სერიოზული ბრალდებაა და როგორ შეიძლება ვინმეს სჯეროდეს, რომ ის საქართველოში ხდება?” – განუცხადა “ნეტგაზეთს” რომან ლებანიძემ. მისივე თქმით, გამოძიების პროცესს ქარხნის მუშაობა მნიშვნელოვნად არ შეუფერხებია.

ტრეფიკინგთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივრის შეტანას უარყოფენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში, თუმცა ამბონენ, რომ შპს ”ევრაზიანსტილსის” ქარხანა ”ჰერკულესის” წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი მართლა შეიტანეს, ოღონდ, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმიანციასთან და არა – ტრეფიკინგის ფაქტთან დაკავშირებით.

ჰერკულესის გაფიცული მუშები. სექტემბერი, 2011
ჰერკულესის გაფიცული მუშები. სექტემბერი, 2011

ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” მუშებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვის აქცია 2011 წლის 13 სექტემბერს დაიწყეს, გაფიცვის პარალელურად შიმშილობდა 4 ადამიანი. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან სამსახურიდან დათხოვილი ადამიანების სამუშაოზე აღდგენასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ქარხნის ადმინისტრაცია კი მათ მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებდა.

15 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, პოლიციამ გაფიცული და მოშიმშილე მეტალურგების აქცია ქარხნის წინ დაშალა, 40-მდე მეტალურგი კი პოლიციის განყოფილებებში რამდენიმე საათით ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა იმ დროს ოფიციალურად არავინ დაუპატიმრებიათ. მათ დააწერინეს ხელწერილები, რომ გაფიცვებსა და აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არ შეაფერხებდნენ მეტალურგიული ქარხნის მუშაობას.

”ჰერკულესის” საქართველოს მოქალაქე თანამშრომლები ქარხნის ადმინისტრაციისგან ზეწოლაზე, გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და ხელფასების დროულად გაუცემლობაზე საუბრობდნენ. სექტემბრის აქციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ინდოეთის მოქალაქე მუშებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი