ახალი ამბები

ლგბტ საქართველოს დირექტორის თქმით, სიტყვა ჰეტეროსექსუალის ხსენების გამო თავს დაესხნენ

29 აპრილი, 2016 •
ლგბტ საქართველოს დირექტორის თქმით, სიტყვა ჰეტეროსექსუალის ხსენების გამო თავს დაესხნენ

ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის განცხადებით, 28 აპრილს თბილისში, ფილარმონიასთან, მას და მის ორ მეგობარს მამაკაცი სიტყვა “ჰეტეროსექსუალის” ხსენების გამო თავს დაესხა.

“ჩემმა მეგობარმა ახსენა სიტყვა ჰეტეროსექსუალი, რა დროსაც ჩაგვიარა ერთ-ერთმა პირმა, დაიწყო ჩვენი მისამართით გინება,”- ამბობს ლევან მერიანიძე

ბერიანიძის თქმით, მამაკაცმა მას მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფაც.

“მისი მოტივი აპრიორი გამოწვეული იყო იმით, რომ გაიგო ჰეტეროსექსუალი, ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა, დააკავშირა ჰომოსექსუალთან და მერე დაიწყო სიტყვიერი შერაცხყოფა,”- ამბობს ბერიანიძე.

მისივე თქმით, გამოიძახეს პატრული, თუმცა ამ დროის განმავლობაში თავდამსხმელი მიიმალა. ბერიანიძის თქმით, მან მოასწრო, რომ მისთვის ფოტო გადაღო. მას პოლიციაში განუცხადეს, რომ ხვალ კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ.

ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ მომხდარი უკანასკნელ პერიოდში სიძულვილით მოტივირებულ სხვა დანაშაულებს უკავშირდება:

“17 მაისი ახლოვდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ორი ბიჭი სცემეს მხოლოდ იმის გამო, რომ ეკეთათ საყურე. გუშინ სცემეს ასევე სამი ტრანსგენდერი ადამიანი ცირკთან აგურებით. ეს ასევე იმის ბრალია, რომ პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ იყენებენ ჰომოსექსუალობის თემას და ქორწინების საკითხებს საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, რითაც აღვივებენ საზოგადოებაში ჰომოფობიასა და აგრესიას,”- ამბობს ლევან ბერიანიძე.

საქმეს კვალიფიკაცია ჯერ არ აქვს მინიჭებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა დროული რეაგირება მოახდინეს და ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი