ახალი ამბები

პარლამენტმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

27 აპრილი, 2016 • 3460
პარლამენტმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

დღეს, 27 აპრილს პარლამენტმა მეორე მოსმენით 69 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “ადრეული და სკოლამდელი განათლების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

თავდაპირველად პარლამენტმა კენჭი “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის ალტერნატიულ ვარიანტს უყარა, რომელიც  41 ხმით 5-ის წინააღმდეგ ჩავარდა. “რესპუბლიკელებმა” პარლამენტს ამ კანონპროექტის მეოცე მუხლის ალტერნატივა შესთავაზეს, რომლის მიხედვით ბაგა-ბაღებში შერეული ასაკის ჯგუფების დაკომპლექტება იკრძალება.

ალტერნატიული წინადადების მიხედვით, ალტერნატიული პედაგოგიური პრინციპების  სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროგრამის  დაწესებულება უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფები მათი პედაგოგიკის საფუძვლებიდან გამომდინარე.

ამ ცვლილებათა პაკეტში 15-ზე მეტი კანონპროექტი შედის. პარლამენტმა ყველა მათგანი მიიღო, გარდა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებებისა. ეს კანონპროექტი 73 ხმით 16-ის წინააღმდეგ ჩავარდა. მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო.

ამ კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის  მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ასევე,   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს უფლება აქვთ ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე კიდევ ორჯერ გაიტანონ.

კანონპროექტის მიხედვით,  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

ა) 2–დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;
ბ) 3–დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;
გ) 4–დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;

ამასთან, სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვების სწავლა/სწავლება, რომელთა რაოდენობა ჯგუფში არ უნდა აღემატებოდეს 30 ბავშვს, ხოლო თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1:13 -ზე მეტი;
ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1: 15-ზე მეტი;
გ) 4–დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1: 15-ზე მეტი;
დ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1:15 -ზე მეტი.

კანონპროექტის მიღება, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოიწვევს ხარჯებს, რომლის დაფინანსების წყარო იქნება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები.

კერძოდ, კანონპროექტით მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, საკუთარი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყონ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებში მომსახურების მართვისა და მიწოდებისთვის აუცილებელი ფინანსები. ხოლო  მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო დაწესებულებების დაფინანსების ფორმებს, წესსა და პირობებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

კანონპროექტის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების განსახორციელებლად დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია, რისთვისაც სავარაუდოდ საფასური განისაზღვრება:

” ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით დაწესებულების ავტორიზაციის წესს დაადგენს (2017 წლის 1 სექტემბრამდე) საქართველოს მთავრობა დადგენილებით, ხოლო დაწესებულების ავტორიზაციას განახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური, ავტორიზაციის წესის შესაბამისად, შესაძლოა კანონპროექტმა გავლენა იქონიოს ავტორიზაციის განმახორციელებელი სამსახურის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ავტორიზაციის შესაძლო საფასურის დაწესების შემთხვევაში,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამავე განმარტების მიხედვით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უახლესი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით აღსაზრდელთა ჯამური რაოდენობა თბილისში შეადგენს 55 615 აღსაზრდელს, ხოლო აღნიშნული აღსაზრდელებით დაკომპლექტებული ჯგუფების რაოდენობა, შესაბამისად, 240 ჯგუფს ბაგაში და 1175 ჯგუფს ბაღში.

ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისის ბაგა-ბაღების თითოეულ ჯგუფებში ამჟამად საშუალოდ 39 ბავშვია. [55615 : (240+1175)].

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ჯგუფების დაკომპლექტების ახალი წესის ამუშავებისთვის 400 ბავშვზე გათვლილი 36 ბაღის აშენებაა საჭირო:

“წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ბაგა-ჯგუფებში მაქსიმუმ 25 ბავშვი, ხოლო 3-დან 6 წლამდე ჯგუფებში – მაქსიმუმ 30 აღსაზრდელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ზემოაღნიშნულ 1415 ჯგუფში აღსაზრდელთა მაქსიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს 41 250 ბავშვი (240*25 + 1175*30). თუმცა დღესდღეობით აღსაზრდელების რაოდენობა თბილისის ბაგა-ბაღებში, როგორც უკვე აღინიშნა, შეადგენს 55 615-ს. არსებული სხვაობის (14 365 აღსაზრდელი) დასაკმაყოფილებლად საჭიროა აშენდეს 400 ბავშვზე გათვლილი 36 ბაღი, რაც იწვევს საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვან დანახარჯებს.”

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით, ერთი 400 ბავშვზე გათვლილი ბაღის ასაშენებლად საჭიროა საშუალოდ 2 მილიონი ლარი (თუმცა რთული გამოსათვლელია მომდევნო წლებში ერთი 400 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულების აშენების ხარჯი) ანუ მთლიანობაში 36*2=72 მილიონი ლარი. ეს ხარჯი უნდა გადანაწილდეს საშუალოვადიან პერიოდზე, 2016 – 2019 წლები:

“ვინაიდან 22-ე მუხლი, რომელიც ადგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების დაკომპლექტების მაქსიმალურ ოდენობებს, ძალაში შედის 2020 წლის 1 სექტემბრიდან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 22-ე მუხლი, ჯგუფის მოცულობასთან ერთად, ასევე განსაზღვრავს აღმზრდელ _პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობას, 2020 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული მიმართულებით საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების მიმართვა აღმზრდელ პედაგოგების/აღმზრდელების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის მიერ შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიღებული ნორმატიული აქტის შესაბამისად, რომელიც მთავრობამ უნდა მიიღოს 2017 წლის 1 სექტემბრამდე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი