ახალი ამბები

ჭონქაძის 21-ში უძრავი ქონება აუქციონზე სასტუმროს ასაშენებლად იყიდება

27 აპრილი, 2016 • 3270
ჭონქაძის 21-ში უძრავი ქონება აუქციონზე სასტუმროს ასაშენებლად იყიდება

ეკონომიკისა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე უძრავი ქონება, სულ მცირე, 80- ნომრინი სასტუმროს აშენებისა და მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

სააგენტოს ცნობით, ჭონქაძის N21-ში სახელმწიფო საკუთრებაშია 3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება. მათი ინფორმაციით, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო ელექტრონული აუქციონი 2016 წლის 11 მაისს, 17:00 საათზე დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე, სულ მცირე, 80-ნომრინი სასტუმრო ააშენოს და მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. ობიექტის მახლობლად არსებული ფუნიკულიორი, რომელიც ერთმანეთთან ჭონქაძის ქუჩასა და მთაწმინდის პარკს აკავშირებს, სააგენტოს ცნობით, თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი