ახალი ამბები

უსუფაშვილი: „ქართული ოცნების“ ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას

26 აპრილი, 2016 • 1475
უსუფაშვილი: „ქართული ოცნების“ ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას

ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს გამართული შეხვედრების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესია. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა არის სამი პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.

„მთავარი თემა არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი. დღევანდელი მდგომარეობით, შეხვედრებიდან, სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს ხელისუფლებამ, გააკეთა ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ახლა სიტყვა ევროპარლამენტზეა და ევროკომისიაზეა. რაც შეეხება თავად პროცესს, ის მიმდინარეობს კარგად, თუმცა, არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. პირველი, ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში. და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ეს გავლენა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დროზე და არა შინაარსზე, ანუ როდის, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლოა, ამან ოდნავი გავლენა იქონიოს, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის,ჯერჯერობით პირველადი დასკვნა.

მეორე პრობლემა, რაც გვაქვს, მცირე, მაგრამ მაინც არსებობს, ეს არის ყოფილი ხელისუფლების გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის ერთი ნაწილი, ეს არ არის დიდი ნაწილი. მაგრამ ესეც აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული, პარტიული თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება და გეტყვით, როგორ.

მესამე მცირე პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას იმიტომ, რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გაუმკლავდნენ სათანადოდ.

“კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ძალიან სერიოზული შეხვედრები გამართა და მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აქ ყველამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაინახოს, რომ კიდევ ვიმეორებ, არცთუ ნორჩი ლენინელ-სტალინელების განცხადებები – ეს არის მათი ინდივიდუალური მოსაზრებები და ის არ გამოხატავს პარტია „ქართული ოცნების“ თუ სახელისუფლებო პარტიის მოსაზრებებს. მეორე – ჩვენ გვქონდა უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრები, მათ შორის, „სახალხო პარტიის“ ლიდერებთან, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, ერთ-ერთ გავლენიან პირთან, სახალხო პარტიის წარმომადგენელთან, ბატონ ბროკთან, რომელმაც სრულიად ცალსახად განაცხადა, რომ იგი არანაირ სხვა საკითხს არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და პირადად მთხოვა, რომ თუ ამაზე რაიმე პრობლემები გაჩნდება სხვა მხრიდან, მას ამის შესახებ შევატყობინოთ. მას აქვს გარკვეული მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ის არაფერს არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციის თემას, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილისგან და მათი მხარდამჭერი „სახალხო პარტიის“, ისევ ვიმეორებ, ერთი ნაწილისგან. ასე რომ, მეტი გვჭირდება ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელმაც შესაძლოა ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს პრიორიტეტებში რაღაც საკითხები ცოტა უფრო წინ დააყენოს, ვიდრე საქართველოს თემა, ამაზე ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რომ ამან არ გამოიწვიოს რამე სერიოზული შეფერხება. დანარჩენი, არც ერთი კითხვა არც ერთ თემაზე, არც ერთი პრობლემა ჩემს წინაშე არ დასმულა დღეს. ხვალ რა იქნება, ხვალ მოგახსენებთ“, – თქვა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი