ახალი ამბები

მოქალაქეებს შესაძლოა აეკრძალოთ მდინარის მიერ ჩამოტანილი შეშის მოპოვება

26 აპრილი, 2016 • 1687
მოქალაქეებს შესაძლოა აეკრძალოთ მდინარის მიერ ჩამოტანილი შეშის მოპოვება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიზანი სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე ძირნაყარი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის საკითხის დარეგულირებაა.

დღეისათვის ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მდინარის მიერ ჩამოტანილ მერქნულ რესურსებს მოიპოვებენ და მოიხმარენ, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ასეთი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყით სარგებლობის წესის შესაბამისად.

კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. როგორც სხდომაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, მდინარის მიერ ჩამოტანილი მერქნული რესურსი დიდი ხნის განმავლობაში რჩება შიგა წყლების ნაპირებზე, გამორიყვის ადგილას ლპება, ფუჭდება და კარგავს ღირებულებას. მისივე მტკიცებით, რეგულაციის არარსებობის გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული რესურსის გამოყენება:

“თუ ტყის ფონდის საზღვრებში ხდება მდინარის მიერ მოტეხილი და მოთხრილი რესურსის ჩამოტანა, გარემოს დაცვის სამინისტროს ამგვარი რესურსის განკარგვის უფლება აქვს,  ხოლო თუ მდინარე გავა ტყის ფონდის გარე ტერიტორიაზე, აქ წყდება გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია. ეს საკითხი დარეგულრიდება და სამინისტროს უფლება ექნება ამ მერქნული რესურსის მოგროვება და სოციალური მიზნებისთვის შემდგომი გაცემა მოახდინოს, ისევე როგორც ეს ხდება ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მდინარეების მიერ ჩამოტანილ მერქნულ რესურსთან დაკავშირებით,”- აღნიშნა ბითაძემ.

ამასთან, კანონპროექტით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული  სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 49 წლის ვადით. მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არაუმეტეს 49 წლის ვადით.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე), სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას შესაბამისად გასცემს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.

კანონპროექტის მიღების მიზეზებზე საუბრისას მაია ბითაძემ ინფრასრუქტურული პროექტების განხორციელებისას მოჭრილი ხეების ტრანსპორტირების პრობლემა ახსენა:

“ეკონომიკის სამინსიტროს სახელზე დარეგისტრირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სამინისტრო გასცემს ხის მოჭრის ნებართვას, ხოლო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული, როგორ უნდა მოხდეს ამ ხეების ტრანსპორტირება. მიმდინარეობს მაგისტრალების მშენებლობა და არის შემთხვევები, როდესაც ასობით კუბური მეტრი მერქნული რესურსის მოჭრის შემდეგ დასაწყობება ხდება და ვერ ხდება მათი ტრანსპორტირება. საავტონმობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ მასალის ტრანსპორტირების შემთხვევაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, ისინი უკანონო ტრანსპორტირებისთვის დააჯარიმოს,” – განაცხადა მაია ბითაძემ.

ეს საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილების შეტანას ითვალისწინებს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.“

გარემოს დაცვის სამინისტრო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი