ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ვაშინგტონში

26 აპრილი, 2016 • 1147
გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ვაშინგტონში

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოს ეწვია და შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

მთავრობის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებით ხვდება, ხოლო უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.

ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდ პატივს სცემენ ამ ქალაქში მისი ხედვების გამო და იმის გამო, თუ როგორ აღიქვამს იგი პროცესებს,” – განაცხადა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, ფრედერიკ კემპემ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.

ფრედ კემპეს განმარტებით, საქართველო ელოდება დადებით შედეგს ნატო-ს ვარშავის სამიტზე. ასევე, საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატში  სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა და მასთან ერთად ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილა.

მთავრობის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული მდგომარეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისადმი  მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე შევხდა სენატორ ჯეფ სეშენსს, მათ ისაუბრეს აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს იმას, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო–ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს.  აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია, აცხადებს საქართველოს მთავრობა.

გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს. მათ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.

მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  ყურადღება გამახვილდა  საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს რეგიონალური როლი.

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს  საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. მისი განმარტებით, ხელისუფლების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია: საგადასახადო რეფორმები და მეწარმეობის მხარდაჭერა; ინფრასტრუქტურის განვითარება; განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული კადრების მომზადება  ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად; ღია მმართველობის განმტკიცება.  მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში.

მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში  გამართულ შეხვედრას ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების გზებსა და საშუალებებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, აღნიშნავს საქართველოს მთავრობა.

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 აპრილს დაიწყო და 29 აპრილამდე გაგრძელდება. 

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და  არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ–ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმიშვილი, საგარეო საქმეთა  მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი