ახალი ამბები

ევროპარლამენტის LIBE კომიტეტში საქართველოს სავიზო საკითხი განიხილება [LIVE]

25 აპრილი, 2016 • 1307
ევროპარლამენტის LIBE კომიტეტში საქართველოს სავიზო საკითხი განიხილება [LIVE]

ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადების საკითხი განიხილება. 19:00 საათიდან საკითხზე საკომიტეტო მოსმენა  ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმასჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში [LIBE] მიმდინარეობს [ლაივსტრიმის სანახავად მიჰყევით ამ ბმულს]. კომიტეტმა საკითხს კენჭი უნდა უყაროს საკითხს.

“თუ დღესვე დამთავრდა განხილვა, კომიტეტი კენჭს უყრის დღეს. პლენარულზე განხილვა იქნება ცალკე”, – უთხრა ნეტგაზეთს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლევან ბერძენიშვილმა. კითხვას, თუ დღევანდელ საკომიტეტო განხილვაზე საქართველოს საკითხი ჩავარდა, პლენარულზე  დადგება თუ არა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი, დეპუტატი ასე პასუხობს:
“დღეს თუ ჩავარდა, შეიძლება მოითხოვონ საგარეო კომიტეტის ჩართვა. შემდეგ გადაწყდება, გავიდეს თუ არა პლენარულზე (ფორმალურად შეიძლება ყველა შემთხვევაში)”.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია:

“თბილისის დროით 19.30-20.00 საათზე ხდება ეს ამბავი: ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) განიხილავს საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღებას, რომელთაც საზღვრის გადაკვეთისას ვიზა სჭირდებათ და „უვიზო“ ქვეყნების სიაში ჩაწერის საკითხს. მომხსენებელია მარია გაბრიელი ბულგარეთიდან (ევროპის სახალხო პარტია). კომიტეტის თავმჯდომარეა კლოდ მორაესი დიდი ბრიტანეთიდან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი). და, ბედისწერის განგებით, ამ ამბავს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესწრება, რომელიც ბრიუსელში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. და ეს ამბავიც ავაზის დღეს ხდება.

ბრიუსელის დროით 20.00 შეგატყობინებთ შედეგს. უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე დაგვრჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა და ევროკავშირის საბჭოს სხდომა. მოკლედ, ევროკომისიის „კი“ გვაქვს, კიდევ სამი „კი“ გვჭირდება, დღეს — ყველაზე მთავარი”, – წერს ფეისბუკში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი.

ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი