ახალი ამბები

საბერძნეთი მასობრივი მსვლელობებისა და არეულობებისთვის ემზადება

17 ოქტომბერი, 2011 • 988
საბერძნეთი მასობრივი მსვლელობებისა და არეულობებისთვის ემზადება

საბერძნეთში გაფიცვების კვირა იწყება. ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის პროფკავშირებმა 19-20 ოქტომბერს 48-საათიანი გაფიცვის შესახებ გამოაცხადა.

დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, მიიღოს კანონი, რომლითაც, შესაძლოა, ხელფასები და პენსიები შემცირდეს, ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 30 ათასი ადამიანი დაოთხოვონ სამსახურიდან.

ქვეყნის პოლიცია ათენში მასობრივი მსვლელობებისა და არეულობებისთვის ემზადება. შეფერხებით იმოძრავებს საზოგადეოებრივი ტრანსპორტი. ქვეყანაში ორი დღით შეწყდება საავიაციო მიმოსვლა. მეხუთე დღეა გაფიცულები არიან იურისტები. დღეს გაფიცვას გააგრძლებენ სახელმწიფო მედიასაშუალებები, რომლებიც მეოთხე დღეა არ გადმოსცემენ ახალ ამბებს. სამშაბათიდან კი მაუწყებლობას შეწყვეტენ კერძო ტელეარხები, ოთხშაბათს ქვეყანაში არ გამოვა გაზეთები, ხოლო სავადმყოფოებში მხოლოდ მორიგე პერსონალი იმყოფება.

17-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით გაიფიცებიან საგადასახადო სამსახურების თანამშრომლები. დღესვე ერთდღიან გაფიცვას გამართავენ პოლიციელები, მეხანძრეები და სანაპირო დაცვის თანამშრომლები. 17-18 ოქტომბერს შეწყდება საბორნე მიმოსვლა. 18 ოქტომბრიდან ერთი დღით ბანკებიც გაიფიცებიან. 20 ოქტომბერს ორი კვირა შესრულდება, რაც გაფიცულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პარალელურად კი საერთაშორისო ძალისხმევა მიმართულია 350– მილიარდიანი ვალის გამო ქვეყნის დეფოლტისგან გადასარჩენად. ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს,  ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების მიღების სანაცვლოდ გაატაროს მკაცრი ზომები ხარჯების შესამცირებლად.

გაფიცვა ქვეყნის პარლამენტში ხარჯების შემცირების ნაცვლად საერთაშორისო კრედიტების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრას დაამთხვიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი