ახალი ამბები

ანდრია ურუშაძე: 2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი კლინიკა აშენდება

14 ოქტომბერი, 2011 • 1126
ანდრია ურუშაძე: 2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი კლინიკა აშენდება
„საქართველოში წამლის შემოტანის პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა, რამაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება განაპირობა. ამავე დროს მნიშვნელოვანია წესრიგის დაცვა, რაც იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის, ვადაგასული და მძიმე მედიკამენტების რეალიზაციის კონტროლს გულისხმობს. სწორედ ამ პირობების დარღვევის გამო ადგილობრივ ბაზარზე არაერთი აფთიაქი დაჯარიმდა,” – ეს განცხადება შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

ფარმაცევტულ სფეროში მიმდინარე პროცესების გარდა, მინისტრმა თავის გამოსვლაში აქცენტები ჰოსპიტალური სექტორის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.  

„აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი კლინიკა აშენდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ერთიანი მოდერნიზებული სამედიცინო სისტემა ჩამოყალიბდება. მალე საქართველოს ყველა რეგიონში თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოები ექნება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებში 15000 ადამიანია დასაქმებული,”-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.

მინისტრის განცხადებით, ასევე, წარმატებით მიმდინარეობს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა. მალე დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებს მცირე საოჯახო ტიპის სახლები ჩაანაცვლებს.

”საქართველოში ყველა ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს და აუცილებელია, ქვეყანაში გაძლიერდეს მინდობით აღზრდის სამსახურები,” – განაცხადა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა

მასალების გადაბეჭდვის წესი