ახალი ამბები

ბიზნესმენი მილერი გვენეტაძე ამბობს, რომ “გირჩს” თანხა პალიკო კუბლაშვილთან მეგობრობის გამო შესწირა

23 აპრილი, 2016 • 3804
ბიზნესმენი მილერი გვენეტაძე ამბობს, რომ “გირჩს” თანხა პალიკო კუბლაშვილთან მეგობრობის გამო შესწირა

ბიზნესმენი მილერი გვენეტაძე (კომპანია მილერი და კომპანია) ტეეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესკონტაქტთან” საუბარში აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას (გირჩი) თანხა (60 ათასი ლარი) დეპუტატ პალიკო კუბლაშვილთან მეგობრობისა და ახლობლობის გამო შესწირა.

“პირადი მეგობრობა და ახლობლობა. მეტი არაფერი. პირად ახლობლებს უფრო ენდობი და გინდა, რომ წინ… მით უმეტეს, ვიცი, რომ ძალიან მობილიზებული ადამიანია პალიკო კუბლაშვილი. ის გონიერი ადამიანია”, – ამბობს ბიზნესმენი.

კითხვას, კუბლაშვილმა თვითონ სთხოვა დახმარება, თუ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენმა მიიღო, იგი ასე პასუხობს:

“ჩვენ ტყიბულელები ვართ. იქ თხოვნა არ არსებობს. არაა საჭირო თხოვნა, როცა უჭირს, მაშინ უნდა დაეხმარო”, – აცხადებს გვენეტაძე და დასძენს, რომ კუბლაშვილს ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნის დროს დახმარება არ დასჭირვებია:

“ნაციონლაურ მოძრაობაში [დახმარება] არ სჭირდებოდა. ნაციონალურ მოძრაობას დახმარება არ სჭირდებოდა, თორემ, დიდი სიამოვნებით”, – თქვა მან. კუბლაშვილი ორჯერ იყო ტყიბულის ოლქის მაჟორიტარი, ხოლო 2012 წელს მაჟორიტარულ არჩევნებში ელისო ჩაფიძესთან დამარცხდა.

გვენეტაძე სამკერვალო ფაბრიკებს ფლობს თბილისსა და ტყიბულში. მისი კომპანია (მილერი და კომპანია) 2000 წელსაა რეგისტრირებული და უკვე წლებია მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. Civili.ge-ს მონაცემებით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კომპანია ფინანსურად ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასაც დაეხმარა.

2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობს ახალი პოლიტიკური ცენტრი (გირჩი), მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსია, ხოლო მესამეზე – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია “ბედნიერი საქართველოსთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი