ახალი ამბები

თეთრი ხელჯოხის დღე თბილისში

13 ოქტომბერი, 2011 • 1024
თეთრი ხელჯოხის დღე თბილისში

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – სიმბოლო უსინათლო ადამიანისა. ამ დღესთან დაკავშირებით, უსინათლოთა თემატიკაზე მომუშავე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, მოეწყობა მსვლელობა თბილისის ქუჩებში – რუსთაველის გამზირი – მშვიდობის ხიდი – რიყე. მსვლელობაში ათეულობით უსინათლო, საზოგადოებისათვის ცნობილი სახე და უსინათლოთა თემატიკით დაინტერესებული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქციის ორგანიზატორები რიყის პარკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინთლო პირთა პრობლემებსა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ისაუბრებენ.

აქცია პროექტ „დამოუკიდებლობა – ტიფლოთერაპიის ინსტრუქტორების მომზადების“ მხარდასაჭერად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „უსინათლოთა და მცირედ მხედველთა გარემოში ორიენტაციის, დამოუკიდებელი, უსაფრთხო და ეფექტური გადაადგილების ინსტრუქტორთა და უსინათლოთა და მცირედ მხედველთა ყოველდღიური მოქმედებების ინსტრუქტორთა“ ტრენინგი მიმდინარეობს.

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე – 15 ოქტომბერი – საქართველოში წელს პირველად აღინიშნება. მსოფლიოში ამ თარიღს უკვე ათეულობით წელია აღნიშნავენ. ამ დღის დაარსება ფოტოგრაფ ჯეიმს ბიგსს (James Biggs) უკავშირდება, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა თვალისჩინი. ჯეიმსი შეეცადა ცხოვრება ხელახლა დაეწყო და დამოუკიდებლად ემოძრავა ქუჩებში, ხელჯოხის გამოყენებით. თუმცა სწრაფად გააცნობიერა, რომ შავი ფერის ხელჯოხზე გამვლელები და მძღოლები არ რეაგირებდნენ, ისინი ჯეიმსს ჩვეულებრივ, ხელჯოხიან ადამიანად აღიქვამდნენ. ბიგსმა ხელჯოხი თეთრად გადაღება, რითაც გამვლელთა ყურადღება მიიქცია – სიახლე სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

მსვლელობაში მონაწილეობის მიღება და ამ ფორმით უსინათლოთათვის მხარდაჭერის გამოხატვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეებს თეთრი ხელჯოხები და თეთრი გულსაბნევები დაურიგდებათ – ნიშნად ტოლერანტობისა.

აქციის მონაწილეები თბილისში 15 ოქტომბერს, 17 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი