ახალი ამბები

ივანიშვილი ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან შეხვედრით კმაყოფილია

13 ოქტომბერი, 2011 • 1262
ივანიშვილი ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან შეხვედრით კმაყოფილია
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია რესპუბლიკურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტულობაში, იუწყება ქართველი მილიარდელის პრესსამსახური.

ირაკლი ტრიპოლსკიმ 12 ოქტომბრის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

“12 ოქტომბერს შედგა პირველი კონსულტაცია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ძირითად საკითხზე დააფიქსირეს პოზიციები და სრული თანხვედრა. შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები”.

რესპუბლიკელებთან კონსულტაციების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშბულია, რომ “დროის დეფიციტის”  გამო ვერ მოხდა მედიასაშუალებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, თუმცა  დიდი დრო დაეთმო პრესაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული საკითხების განხილვას.

“გამოვლინდა იდენტური ხედვა ქართულ სინამდვილეში ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ძალების როლსა და ფუნქციებზე”.

ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს შეხვედრების შედეგებით და დარწმუნებულია რესპუბლიკურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტულობაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი “თავისუფალ დემოკრატებთან” სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივაზე.

ბიძინა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს  გავრცელებულ ღია წერილში აღნიშნა, რომ  აპირებს ითანამშრომლოს პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან”. ივანიშვილი აღნიშნულ პარტიას “თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად” თვლის, ხოლო პარტიის ლიდერ ალასანიას “ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონად და ანგარიშგასაწევი ფიგურად” მიიჩნევს.

თავის წერილში ის რესპუბლიკური პარტიის შესახებაც წერს:  “რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას? პირველ რიგში, მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტიაა პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით”.

ბიძინა ივანიშვილმა პირველი წერილი 7 ოქტომბერს გაავრცელა და განაცხადა, რომ აპირებს შექმნას პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი