ახალი ამბები

საია: ეკა მიშველაძის საქმე უკანონო თვალთვათან დაკავშირებით შსს-მ არ უნდა გამოიძიოს

21 აპრილი, 2016 • 1583
საია: ეკა მიშველაძის საქმე უკანონო თვალთვათან დაკავშირებით შსს-მ არ უნდა გამოიძიოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით ეკა მიშველაძის საქმე პროკურატურას დაუბრუნოს.

საქმე ეხება ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მასსა და თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს უთვალთვალებდნენ და მათ ურთიერთობის შესახებ სპეცსამსახურებმა იცოდნენ.

“2016 წლის 16 მარტს მოქალაქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იქნა, რომ პირადი მიმოწერის გავრცელებაში შესაძლებელია იკვეთებოდეს შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის ბრალეულობა. ეკატერინე მიშველაძე დღეს დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში, სადაც გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა.

საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შსს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ პირადი მიმოწერის გავრცელება მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოხდა.

საია მიიჩნევს, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს სამინისტროსათვის გადაცემა  იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი