ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს იზოლატორში გარდაცვალების ფაქტი დროულად გამოიძიოს

21 აპრილი, 2016 • 1157
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს იზოლატორში გარდაცვალების ფაქტი დროულად გამოიძიოს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ უნდა დაწყებულიყო.

ომბუდსმენის განმარტებით, 2016 წლის 14 მარტს დაკავებული ბ.თ. 15 მარტს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გარდაიცვალა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ბ. თ. 15 მარტს, დილით შეუძლოდ გახდა. იზოლატორის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დაკავებულმა განუცხადა, რომ იმყოფებოდა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში და ესაჭიროებოდა შესაბამისი დახმარება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა გამომძიებელს.

ბ.თ.-სთან ერთად იზოლატორში მყოფი პირის განმარტებით, დაკავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების წასვლის შემდგომაც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა ექიმი აღარავის გამოუძახებია. იმავე დღეს, 16 საათსა და 47 წუთზე, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის მიზნით სასამართლოში გადაყვანამდე, ბ.თ იზოლატორის დერეფანში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბ.თ-სთვის ადეკვატური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხის შესწავლას, ასევე, რამდენად ჯეროვნად განახორციელეს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა მათი მოვალეობები და რა საფუძვლით არ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება განმეორებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მოხდეს ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. გამოძიებამ არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვები არც ბ.თ-ს გარდაცვალებასთან და არც პოლიციის თანამშრომლების შესაძლო არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ მის წარმომადგენელს დაგვიანებით მისცა წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძრვანელობამ ბ.თ.-ს პირად საქმეში არსებული დოკუმენტების ასლები. 

“პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედების გამო მისი საქმიანობა შეფერხდა”, – აცხადებს სახალხო დამცველი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი