ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ლავროვის ვიტიზის წინააღმდეგ მიტინგს გამართავენ

21 აპრილი, 2016 • 1431
ერევანში ლავროვის ვიტიზის წინააღმდეგ მიტინგს გამართავენ

დღეს, 21 აპრილს სომხეთის დედაქალაქში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი.

ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლაროვი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ედვარდ ნალბანდიანს შეხვდება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა კი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი იქნება. ამავე საკითხთან დაკავშირებით აპრილის დასაწყისში, ყარაბაღში ესკალაციის პარალელურად, ლავროვი ბაქოსაც ესტუმრა.

შესაბამისად, სომხეთში მოქალაქეთა ნაწილი რუსეთს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ რუსეთი, თუკი სომხეთს პარტნიორად მიიჩნევს, აზერბაიჯანისთვის იარაღს არ უნდა ყიდდეს. ასევე, მათი აზრით, კონფლიქტის დარეგულირების რუსეთის სამშვიდობო გეგმა აზერბაიჯანისთვის გარკვეული ტერიტორიების შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს.

მსგავსი პოზიციის მქონე ჯგუფი დღეს ლავროვის ვიზიტის წინააღმდეგ ერევანში აქციის გამართვასაც გეგმავს.

რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, რუსეთის საელჩოსთან აქცია ერევანში 13 აპრილსაც გაიმართა.

2016 წლის 13 აპრილის აქცია ერევანში რუსეთის საელჩოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ მარუტ ვანიანი

2016 წლის 13 აპრილის აქცია ერევანში რუსეთის საელჩოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ მარუტ ვანიანი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

8 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხედრების გამოყვანის მიზეზით ახსნეს.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა.

ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი