ახალი ამბები

თარგამაძე: ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრება ბინძური ხერხებით სცადა

12 ოქტომბერი, 2011 • 1077
თარგამაძე: ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრება ბინძური ხერხებით სცადა

“დასანანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრება ბინძური ხერხებით სცადა”, – აცხადებს “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე.
მან ივანიშვილს ცილისმწამებელი უწოდა, ხოლო მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “უპრაგონოდ” მიწებებული იარლიყები”.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ის მოლოდინი, რაც ხალხს გააჩნდა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, აღარ არსებობს:

“მინდა, გამოვთქვა სინანული, რომ კიდევ ერთი მოლოდინი, რომელიც არსებობდა ქვეყანაში, ასე უცბად და სამარცხვინოდ აორთქლდა და გაქრა” – აღნიშნა “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერმა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბიზნესმენმა ეჭვქვეშ დააყენა გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა.

“დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა,” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ღია წერილში.

ივანიშვილმა “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” იმ პარტიების სიაში შეიყვანა, ვისთან თანამშრომლობასაც არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი