შსს-ს მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმეზე ბრალი სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, შსს-ს მაღალჩინოსნის, ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე ბრალი სამინისტროს თანამშრომელს, დემუშა ბარამიას წარუდგინეს.

საქმე ეხება 2014 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2  სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ამავე სამსახურის   უფროსის,  ზვიად ლაგვილავას სიცოცხლე ემსხვერპლა. პროკურატურის განცხადებით, ამ საქმეზე ბრალდება  შს სამინისტროს  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  ყოფილ მთავარ სპეციალისტს, დემუშა ბარამიას წარუდგინეს.

“შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ავზი ამორტიზირებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა. ამის შესახებ აცნობეს შს სამინისტროს  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის  ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს, დემუშა ბარამიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ტექნიკის წესის დაცვა, რამაც ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება და ზ. ლაგვილავას გარდაცვალება გამოიწვია.

პროკურატურამ დემუშა ბარამიას ბრალდება შრომის დაცვის წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი