ახალი ამბები

იუნკერი: ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის უპირობო ვიზის ლიბერალიზაციას

19 აპრილი, 2016 • 1369
იუნკერი: ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის უპირობო ვიზის ლიბერალიზაციას

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზის ლიბერალიზაციას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

“პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უხლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს:

“მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ და აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თხოვნით მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი