ახალი ამბები

სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავა

18 აპრილი, 2016 • 1763
სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ბრალდებით 6 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ბრალდებით 6 პირია დაკავებული.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით,” – აცხადებენ სუს-ში.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

სუს-ის ცნობით, გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი