ახალი ამბები

კვირიკაშვილი პატრიოტთა ალიანსთან და ბურჯანაძესთან სტრატეგიულ პარტნიორობას გამორიცხავს

15 აპრილი, 2016 • 1747
კვირიკაშვილი პატრიოტთა ალიანსთან და ბურჯანაძესთან სტრატეგიულ პარტნიორობას გამორიცხავს

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი “პატრიოტთა ალიანსთან” და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 15 აპრილს, ტელეწამყვანებთან შეხვედრისას ისაუბრა.

“ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირ სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერც ახლა და ვერც მომავალ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსთან და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან. ეს შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ სხვადასხვანაირი მოლოდინები გავაქარწყლო,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ანტიდასავლურ მედიასთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობას, პრემიერის თქმით, მისმა გუნდმა წარსულში ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა წამოიწყო:

“ანტიდასავლური მედიის წინააღმდეგ ბრძოლის [მეთოდი] იმისთვის, რომ ანტიდასავლური განწყობების გავრცელება ქვეყანაში არ არსებობდეს, არის ორი: ერთი არის ის, რომ დახურო მედიასაშუალებები და მეორე არის ის, რომ გააძლიერო პროდასავლური [მედია ორგანიზაციები].”

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია პროდასავლური ფასეულობების უფრო მეტად პოპულარიზაციის მიმართულებით. პრემიერის თქმით, მისი გუნდი სწორედ ამას ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი