ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამის შესამუშავებლად ათეულობით ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი ჩამოაყალიბა

15 აპრილი, 2016 • 1343
“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო პროგრამის შესამუშავებლად ათეულობით ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი ჩამოაყალიბა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უკვე დაკმპლექტებულია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც  პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას შეიმუშავებს.

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” “დამოუკიდებელი ექსპერტის” თანამდებობაზე 60 ვაკანსია ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა Jobs.ge-ზე.

Jobs.ge-ზე განთავსებულ განცხადებაში ეწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აცხადებდა კონკურსს წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის დიაგნოსტიკური ნაწილის მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შესამუშავებლად და მზად იყო, შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმებინა.

ირაკლი კობახიძე დღეს ნეტგაზეთთან საუბარში აბობს, რომ ექსპერტების ნაწილი სწორედ კონკურსის საფუძველზე აიყვანეს. მისი თქმით, პროგრამაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმუშავებს:

“ჩამოყალიბებულია ჯგუფი და ახლაც ყალიბდება ქვეჯგუფები, რომლებიც ახლო მომავალში საარჩევნო პროგრამაზე დაიწყებენ მუშაობას. ჩვენ დავდებთ სიტუაციის ანალიზს. ეს პროცესი 1,5 თვეში დასრულდება და ამის შემდეგ განისაზღვრება კონკრეტული ხედვა და დაპირებები, რომელიც პროგრამაში ჩაიდება. დაპირებები იქნება  ძალიან რეალური, ის აგებული იქნება იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია ჩამოყალიბებული და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ პროგრამაში ყველა მიმართულება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იქნება:

“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაინცდამაინც ერთ რომელიმე მიმართულებაზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. საქართველო დღეს ისეთ ვითარებაშია, რომ ყველა მიმართულება თანაბრად პრიორიტეტულია. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 4000 დოლარს არ აღემატება და ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს დასაძლევი, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩენ ყველა მიმართულებას თანაბარ ყურადღებას დავუთმობთ, თუმცა ჩვენ გვექნება გამოკვეთილი ხაზი, რომელიც პროგრამაში აისახება. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ იდეოლოგიური პლატფორმის ჩამოყალიბებაზე. ესეც  ძალიან მკაფიოდ გაწერილი დოკუმენტი იქნება, რომელშიც განისაზღვრება ის პრიორიტეტები და ზოგადი კურსი, რომელიც სავალდებულო იქნება პარტიის თითოეული წევრისთვის”, – ამბობს იგი.

კობახიძე არ აკონკრეტებს პროგრამის შექმნის პროცესში მონაწილე ადამიანების სახელებსა და გვარებს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით კონფიდენციალურია:

“ისინი მოდიან სხვადასხვა სფეროდან. ზოგს აკადემიური გამოცდილება აქვს, ზოგი ბიზნესიდანაა, სამოქალაქო საზოგადოებიდან. სხვადასხვა ტიპის ექსპერტები გვყავს ჩართული. ნაწილი სწორედ კონკურსის საფუძვლზე იქნა შერჩეული. არიან ადმაიანები, რომლებიც სხვა პროცესების საფუძველზე ჩავრთეთ პროცესში”, – აცხადებს იგი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი