ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ოთხი კანდიდატიდან უნდა აირჩიონ

15 აპრილი, 2016 • 1758
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ოთხი კანდიდატიდან უნდა აირჩიონ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.

7 მსურველიდან საარჩევნო კომისიამ ოთხი კანდიდატის განცხადება განიხილა. მერაბ ელიაშვილი (თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. 2013 წელს დაინიშნა თსუ-ის რექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში) და ინესა მერაბიშვილი ( უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი) კომისიამ კანონში არსებული ასაკობრივი შეზღუდვის გამო კანდიდატად არ დაარეგისტრირა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტს მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ლევან გორდეზიანი  (2005-2006 წლებში იყო თსუ-ის რექტორის მოადგილე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი) და ცირა ბარამიძე (თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი).

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტის დასაკავებლად უნივერსიტეტის კანცელარიაში განცხადებები შეიტანეს დარეჯან თვალთვაძემ (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორი), ალექსანდრე ჩხიტაურმა (თსუ-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი, რექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში) და გიორგი ანდრიაძემ (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), თუმცა მათი მოთხოვნა საარჩევნო კომისიას ჯერ არ განუხილავს.

არჩევნები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას საარჩევნო კოლეგია მიიღებს. კოლეგია უნივერსიტეტის პერსონალითაა დაკომპლექტებული. მის შემადგენლობაში შედის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მარტის თვის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა ჯგუფების საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. საბჭომ პაპავას განცხადება დააკმაყოფილა, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე პაპავა კვლავ რექტორი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი