ნეტგაზეთი | ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად დაინიშნა ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად დაინიშნა – Netgazeti
Batumelebi | RU

ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად დაინიშნა

“წარმომადგენლობითი სახალხო კრების” სათათბირო დარბაზის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად დაინიშნა. ინფორმაციას “ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა გაავრცელა.

“წარმომადგენლობითი სახალხო კრების” სათათბირო დარბაზის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად დაინიშნა. ინფორმაციას “ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, გუშინ “ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქმნის პოლიტიკურ პარტიას და საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.
“ქართუ ჯგუფის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრიპოლსკი იქნება  პარტიის პრესმდივანიც. პარტიის დასახელება ჯერ ცნობილი არ არის. სრული განცხადება 7 ოქტომბერს გავრცელდება.

ირაკლი ტრიპოლსკი არის რეჟისორი, რომელმაც 1988 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ის იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ბიძინა ივანშვილის კუთვნილმა „ქართუ ჯგუფმა“ 1999 წელს დააარსა და მას საერთო მაუწყებლობის ლიცენზია ჰქონდა. ტელეარხი 2004 წლის 1 აპრილს ყველასთვის მოულოდნელად დახურეს და სამსახურის გარეშე დარჩა 300-ზე მეტი ადამიანი. მაშინ მათთვის ტელეარხის დახურვის მიზეზები არ განუმარტავთ.

2009 წელს წელს ირაკლი ტრიპოლსკიმ განაცხადა, რომ იგეგმებოდა „მეცხრე არხის“ აღდგენა, რომლის დირექტორიც თავად იქნებოდა. მაშინ ტრიპოლსკი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ტელეარხის ლიცენზია და სიხშირე 2015 წლამდე ჰქონდა აღებული. ის ამბობდა, რომ მოხდებოდა არხის ლიცენზიის მოდიფიცირება და საინფორმაციო-პოლიტიკურის ნაცვლად ის მუსიკალურ-გასართობი იქნებოდა.

მიუხედავად ტრიპოლსკის განცხადებისა, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „მეცხრე არხს“ მაუწყებლობის მოდიფიცირების ნაცვლად 2009 წლის 24 აპრილს ლიცენზია საერთოდ ჩამოართვა.მიზეზი იყო კანონი, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ზედიზედ 90 დღეზე მეტხანს არ გათიშოს ეთერი. „მეცხრე არხი“ კი 5 წელიწადი იყო გათშული.

ირაკლი ტრიპოლსკი 2009 წელს გახდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი ოპოზიციის კვოტით, თუმცა, საბჭოში დიდხანს არ დარჩენილა.

ირაკლი ტრიპოლსკი “სახალხი კრების” ვებგევრდზე ამჟამადაც სათათბირო დარბაზის წევრთა სიაში 52-ე ნომრად წერია. სწორედ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია დაშალა ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს, რის შემდეგაც აქციის ათეულობით მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი