ახალი ამბები

სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულები სასამართლომ გაამართლა

13 აპრილი, 2016 • 1309
სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულები სასამართლომ გაამართლა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების – დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ 2011 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და სამივე პირი გაამართლა.

პროკურატურამ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძისა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული პირების: დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის, სერგო ჩაპლიგინის რეაბილიტაციისთვის შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებდა. 2016 წლის მარტში კი ცნობილი გახდა, რომ სერგო თეთრაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

“პროკურატურამ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო შუამდგომლობით სამივე პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ახალი  გარემოება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში – იმდროინდელი სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების – მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მონაწილეობით და ორგანიზებით, „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, არარსებული დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით აწამეს, ხოლო სერგო თეთრაძის მიმართ დამატებით განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებისა და შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულების – გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ „ჯაშუშობის“ ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად  გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მის ნაცვლად მსჯავრდებულების- დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი,”- აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით,  სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის საქმეებზე, წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ბაჩო ახალაიას საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სერგო თეთრაძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი