ახალი ამბებიეკონომიკა

ახალი ბაგა-ბაღების ასაშენებლად თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 46 მილიონი ლარი დაიხარჯება

13 აპრილი, 2016 • 1510
ახალი ბაგა-ბაღების ასაშენებლად თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 46 მილიონი ლარი  დაიხარჯება

2016 და 2017 წლებში თბილისში 23 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება. ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით 2 მილიონი ლარი უჯდება.

ათი ბაგა-ბაღის  მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, დარჩენილი 13-ის კი, 2017 წელს. ამის შესახებ  13 აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

“საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დედაქალაქის იმ უბნებშია გათვალისწინებული, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის” – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, 23-ივე ბაგა-ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და ენერგოეფექტურობის ელემენტებიც გათვალისწინებული იქნება.

რა თანხა დაიხარჯება ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის დედაქალაქის 2016 და 2017 წლის ბიუჯეტებიდან?

ამ საკითხის გასარკვევად “ნეტგაზეთი” ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაუჯდება და ეს თანხა როგორც მშენებლობის, ისე შენობების აღჭურვის ხარჯებს მოიცავს.

თორდინავა აცხადებს, რომ ახალი საბავშვო ბაღები თბილისის თითქმის ყველა უბანში განაწილდება და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა ზოგიერთ უბანში 2-3 ბაღიც აშენდეს. ცნობილია, რომ თითოეული ახალაშენებული ბაგა-ბაღი საშუალოდ 350 ბავშვს დაიტევს.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ათი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და მისი პირველი ეტაპი მაისის შუა რიცხვებში დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი