ახალი ამბები

ვარშავის სამიტის პრიორიტეტული ქვეყნები

30 სექტემბერი, 2011 • 1050
ვარშავის სამიტის პრიორიტეტული ქვეყნები

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, ცნობილი გახდა იმ საკითხთა შედეგები, რაც ორდღიან სამიტზე განიხილებოდა.

შემაჯამებელ პრეს–კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო იღებდნენ. გამოიკვეთა მოლაპარაკებების მთავარი თემები და ის, ძირითადად, ორ ქვეყანას, ბელორუსსა და უკრაინას შეეხო.

პრესკონფერენციის დასაწყისში ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპიმ ვარშავის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები დადებითად შეაფასა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის იკვეთება, მრავალმხრივ თანამშრომლობასა და სამეზობლო პოლიტიკის ინდივიდუალური მისაწვდომლობის დანერგვას საჭიროებს.

”ის პრობლემები, რაც დღეს ბელორუსში არსებობს დემოკრატიულობის თვალსაზრისით, საჭიროებს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის მიმართაც. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ევროპის სტაბილურობა დამოკიდებულია აღმოსავლეთ პარტნიორობაზე,” – განაცხადა ჰერმან ვან რომპიმ.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია, ასევე, დააფიქსირა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და აღნიშნა, რომ ტიმოშენკოს საქმე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო. მან ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირი მზად იქნება, უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დოკუმენტი გააფორმოს.

რაც შეეხება საქართველოს, შემაჯამებელ კონფერენციაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპიმ გაახმაურა ორდღიანი სამიტის მოლაპარაკებების ის შედეგები, რაც საქართველოს შეეხო.

მისი განცხადებით, ევროკავშირის მოლაპარაკება საქართველოსა და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წლის ბოლოს დაიწყება. დეკლარაციის შესაბამისად, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამისთვის 2010–13 წლებში 1.900 მილიონი გამოიყოფა.

კონფერენციის ბოლოს კვლავ ხაზგასმით აღინიშნა, ”რწმენა იმისა, რომ ევროპული სტანდარტების უგულვებელყოფით, ვინმე რაიმეს მიიღებს, ილუზიაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი