ახალი ამბები

სააკაშვილი: ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც პორნოკრატია დაამკვიდრა

12 აპრილი, 2016 • 1461
სააკაშვილი: ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც პორნოკრატია დაამკვიდრა

“2012 წლის არჩევნების დროს ჩვენ ხალხს ვეკითხებოდით: ცხოვრობთ თუ არა უკეთესად, ვიდრე 2003 წელს. ყველა გვპასუხობდა: დიახ. ახლა ყველამ უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა: 2016 წელს ცხოვრობს თუ არა უკეთესად 2012 წელთან შედარებით? მე მგონი, გამოკითხვებით პასუხი გაცემულია ამ კითხვაზე”, – ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში. მან საქართველოსა და უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და უკრაინაში მის გეგმებზე ისაუბრა.

რაც შეეხება საქართველოს, სააკაშვილის თქმით, როცა ამომრჩეველი ზემოხსენებულ კითხვას პასუხს გასცემს, არჩევნებზე გადაწყვეტილებაც შესაბამისი უნდა მიიღოს.

“დახარჯეს მთელი ფული, რაც დავუტოვეთ, გამზადებული დავუტოვეთ ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა აამოქმედეს. დახარჯეს მილიარდები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ჩიხში აღმოჩნდა. ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც პორნოკრატია დაამკვიდრა. ქართულ ნიუსებზე უკვე გული მისკდება, ახალი ვიდეო გამოჩნდა თუ არა. ჩემ დროს ასეთი რამ გაგიგიათ? როცა მე ვმართავდი ქვეყანას, ვინმეს როდესმე უფიქრია, რომ ხვალ შეიძლება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდეს. როდესმე გამოსულა? ჩვენ დროს ასეთი თემები იყო: გავხსენით ახალი უნივერსიტეტი, გზის ახალი მონაკვეთი, დიდი კომპლექსი, დავასაქმეთ ამდენი ხალხი… ახლა თემაა, გავრცელდა თუ არა ახალი ვიდეო. როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ. რა გიკვირთ?”, – განაცხადა სააკაშვილმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა:

“ყველანაირ ადამიანს ახასიათებთ დაღლა, ცვეთა, გაფუჭებაც მათ შორის. საჭიროა ლაპარაკი იმაზე, რომ ფუნდამენტურად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს. მგონია, რომ ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის ჩემს ახლო მეგობრებს, რომლებიც პარტიაში არიან, რომ წინ ახალი ხალხი უნდა გავუშვათ. ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდილებაზე და ძველ ხალხზე უარი უნდა ვთქვათ. ეს იქნება ძალიან დიდი მიუტევებელი შეცდომა”, – თქვა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი