ახალი ამბები

საქართველოს “შანსი” და ვარშავის სამიტი

30 სექტემბერი, 2011 • 1245
საქართველოს “შანსი” და ვარშავის სამიტი
დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გახდება ცნობილი იმ დეკლარაციის შინაარსი, რომელსაც ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეები მოაწერენ ხელს.

სამიტი პოლონეთის დედაქალაქში გუშინ, 29 სექტემბერს, დაიწყო და მას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, ესწრებიან აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტები (ბელორუსის გარდა). ვარშავაში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

სამიტის პირველი დღე ფოტოსესიებს და ლიდერების ვახშამს დაეთმო, რომელიც პრესისთვის დახურული იყო. დღეს რამდენიმე პლენარული სესიაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც პოლონეთის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი პრესკონფერენციას გამართავს.

სამიტის მიზანი ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების ევროპაში მზარდი ინტეგრაციის თაობაზე ძლიერი პოლიტიკური სიგნალის გაკეთება და აღმოსავლეთ პარტიორობის  პროგრამის შეფასებაა.

აღმოსავლეთის პარტნიორობის დეკლარაციას, რომლითაც  ევროკავშირმა უკრაიანას, საქართველოს, მოლდოვას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსს ახალი ინსტრუმენტი შესთავაზა ინტეგრაციისთვის, ხელი 2009 წლის მაისში მოეწერა.  ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა არ გულისხმობს მხოლოდ ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის  ინტერგაციას ერვოპასთან, არამედ მასში მოიაზრებენ ამ ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრაციასაც.  პრაღაში 2009 წლის მაისში გამართული სამიტის დროს გადაწყდა, რომ იგი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა და ამჯერად პოლონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მასპინძლობს.

სამიტის ფარგლებში უკრაინის და ბელორუსის საკითხი არის განხილვის მთავარი თემები.   

სამიტამდე ცოტა ხნით ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ სწორედ ვარშავის სამიტზე მოეწერებოდა ხელი შეთანხმებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ევროკავშირმა ამ საკითხზე  მოლაპარაკებები უკრაინასთან რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონცეფციამდე დაიწყო და  უკრაინა ნელ–ნელა, წლების განმავლობაში  მიუახლოვდა ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს, რაზეც ევროკავშირის ლიდერები კმაყოფილი საუბრობენ. მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ახლა დემოკრატიაა. ახლა უკრაინას ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ტიმოშენკოს  პატიმრობის გამო აკრიტიკებენ ევროკავშირის ლიდერები. პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 26 სექტემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი უკრაინა არ გადახედავს ტიმოშენკოს საკითხს, ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობა ძველებური ვეღარ იქნება.  სიკორსკის განცხადებით, ორ თვეში უკვე მზად იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დოკუმენტი, რომელსაც მხარეები განიხილავენ და თუკი უკრაინა დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს დემოკრატიასთან დაკავშირებით, ხელი მოეწერება.

ბელორუსის საკითხს ვარშავაში მყოფი ზოგიერთი ჟურნალისტი  და ანალიტიკოსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სკანდალს უწოდებს.  სამიტზე, რა თქმა უნდა, არ დაპატიჟეს პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელიც  ევროკავშირმა იანვარში პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებს ლუკაშენკოს რეჟიმმა მასობრივი დაპატიმრებით უპასუხა. ევროკავშირმა სამიტზე ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია, რომლის პასუხსაც ვარშავაში ბოლო წუთამდე ელოდნენ. იგი ვარშავაში არ ჩავიდა და მინსკიდან გააკრიტიკა ევროკავშირის ლიდერები აღმოსავლეთის პარტნიორობის “პოლიტიზირების” გამო.  ლუკაშენკოს  ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად სამიტის დროს (ცხადია, არა სამიტზე) ვარშავაში ბელორუსის ოპოზიცია დაპატიჟეს და შეხვედრები მოუწყვეს, მათ შორის სიკორსკის. არაა გამორიცხული, ბელორუსის ოპოზიცია დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდეს.

ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძემ 29 სექტემბერს განაცხადა ვარშავაში, რომ ევროპამ არ უნდა მოაქციოს იზოლაციაში ბელორუსი. ბაქრაძემ ეს განცხადება ვარშავაში, სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო ფორუმზე გააკეთა, სადაც სიტყვით გამოვიდა. მანამდე იგივე განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში, სიკორსკის ვიზიტის დროს გააკეთა.

ბაქარაძემ ფორუმზე გამოსვლისას “აღმოსავლეთ პარტნიორობას” შანსი უწოდა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე: “როცა იცი შენი მიმართულება რა არის, საით მიდიხარ, უფრო ადვილია მიაღწიო წარმატებას”.

სწორედ “შანსი” ისმის ყველაზე ხშირად საქართველოზე საუბრისას სამიტის კონტექსტში. საქართველო სამიტისგან შესაძლოა უფრო მეტს მოელოდა, რადგან პრეზიდენტმა სააკშვილმა განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე ელოდება დიდ გარღვევას ევროინტეგრაციის კუთხით. “გარღვევა” შეიძლება იყოს მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების შესახებ თავისუფალ ვაჭრობაზე. თუმცა,  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ეს თემა სამიტზე არ განიხილება. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, რომლებმაც მანამდე გააკეთეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოლაპარაკებების დასაწყებად, სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საკმაოდ თავშეკავებული იყვნენ და აღნიშნეს, რომ  ყველაფერი დამოკიდებულია ამ ქვეყნებზე. თუკი აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები განიცდიან პროგრესს ევროკავშირის სტანდარტებტან მიახლოების გზაზე, მიიღებენ მეტს.

მეტი მეტისთვის, ისევე, როგორც ნაკლები ნაკლებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი მიდგომა/ფილოსოფიაა, რაც იმას ნიშნავს,  რომ მეტი შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც მეტს აკეთებს რეფორმების კუთხით.  სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, ყველა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, მიუახლოვდებიან ვეროპას იმ შემთხევაში, თუკი გადაიხდიან ამის “ფასს” – ვალდებულებებში ენოკომიკურ რეფორმებთან ერთად ყველაზე ხშირად ისმის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. წელს ვარშავაში ვარაუდოდბბენ, რომ დეკლარაციაში შეიძლება აღინიშნოს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის შესახებაც. სამოქალაქო ფორუმი ისედაც არის აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ–ერთი კომპონენტი. სწორედ ამ ინსტრუმენტის საშუალებით 29 სექტემბერს მიმდინარე ფორუმზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროპულ ფორუმზე ნიკა კვიტრაძის შესახებ ჰკითხა.

ადამიანის უფლებებზე, სავარაუდოდ, კვლავ გამახვილდება ყურადღება წლევანდელი სამიტის დეკლარაციაში. შეგახსენებთ, ტექსტის შინაარსი დღეს, სამიტის დასასრულს, გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ

მასალების გადაბეჭდვის წესი