უნებართვო გარემოვაჭრეებს ადგილზე, ოცლარიან ჯარიმის დაკისრების გარდა, სავაჭრო საგნებსაც ჩამოართმევენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” აღნიშნული საკითხი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იქნა მიღებული.
კანონის ერთ–ერთი ავტორის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი უფრო მოქნილი და არსებული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
“ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ის არის, რომ გარემოვაჭრის ადგილზე დაჯარიმების უფლება აქამდე არსებული ცვლილებებით არ ყოფილა, მხოლოდ სასამართლო წესით ხდებოდა ეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ დღევანდლამდე გარევაჭრობაზე ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა, ამიერიდან, პოლიციასთან ერთად, არაკანონიერი გარევაჭრობის აღკვეთის უფლება მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებსაც დაეკისრებათ. ეს იქნება ზედამხედველობის სამსახური თუ სხვა რამ, ამას მუნიციპალიტეტი თვითონ განსაზღვრავს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონში ნივთის კონფისკაცია სიახლე არ არის და ეს ადრევე იყო განსაზღვრული.
თუმცა კანონში არსებულ პუნქტს, რომელიც გარემოვაჭრისთვის ნივთის კონფისკაციის საკითხს ეხება, თბილისის საკრებულოს წევრი, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი თინა ხიდაშელი არამართებულად და შეუსაბამოდ მიიჩნევს.
“ამ წესით ხელისუფლებამ თქვა, რომ საკუთრებას შევეხები და ჩამოგართმევ ქონებას. ადამიანი შეიძლება დააჯარიმო, თუ ის რაიმეს უკანონოდ აკეთებს, მაგრამ საკუთრება ჩამოართვა მხოლოდ იმიტომ, რომ აკრძალულ ადგილზე ვაჭრობს, ეს დაუშვებელია. ეს პრობლემის მოგვარების ყველაზე არაადეკვატური ფორმაა,” – აცხადებს ხიდაშელი.
“ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილება ყველა გარემოვაჭრეს შეეხება.
“კანონის დარღვევის შემთხვევაში ყველა გარემოვაჭრე ერთნაირად პასუხისმგებელი იქნება და დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,” – აცხადებს ბალავაძე.