ახალი ამბები

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს დემოკრატიის ქულა 0.03 პუნქტით გაუმჯობესდა

12 აპრილი, 2016 • 1587
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს დემოკრატიის ქულა 0.03 პუნქტით გაუმჯობესდა

Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის (Nations in Transit 2016) მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის ქულა 0.03 პუნქტით გაუმჯობესდა (4.61) და კვლავ გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაში მოხვდა. ანგარიშში 2015 წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია შეფასებული სხვადასხვა კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები 1-7 ქულიანი სისტემით არიან შეფასებული, სადაც 1 საუკეთესო, ხოლო 7 ყველაზე უარესი შედეგია. ანგარიშის მიხედვით, Freedom House ქვეყანას 7 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით აფასებს და ისე გამოჰყავს დემოკრატიის ქულა. საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით აქვს, ხოლო ყველაზე უარესი – ეროვნულ დონეზე დემოკრატიული მმართველობის კუთხით.

სქრინშოტი კვლევიდან

სქრინშოტი კვლევიდან

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პროგრესი მხოლოდ სასამართლო სისტემის მიმართულებით განიცადა, სხვა ყველა კატეგორიაში იგივე ქულა აქვს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა 2015 წელს განიცადეს, როგორც განვითარება და სტაგნაცია, ასევე რეგრესიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წელს გაიზარდა პოლიტიკური პლურალიზმის ხარისხი და შემცირდა ყოფილი თანამდებობის პირებისათვის ბრალის წაყენების ტენდენცია. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ფუნქციურობა მყარი იყო:

“მიუხედავად ამისა, 2015 წელს იყო სტაგნაციისა და შესაძლოა, რეგრესის ნიშნებიც კი სხვა სფეროებში: მაგალითად, მედიის დამოუკიდებლობის კუთხით. მართალია, ქართული მედიის ლანდშაფტი მრავალფეროვანი და პლურალისტურია, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები და უმთავრესი ოპოზიციური მედიასაშუალების, რუსთავი 2-ის სამართლებრივი დევნა მიუთითებს მმართველი კოალიციის მხრიდან ზეწოლაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ევროპისა და ევრაზიის რეგიონში განხილული 29 ქვეყნისაგან შემდგარ რეიტინგში საქართველო მე-17 ადგილზეა. საქართველო უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს: სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს. ასევე საქართველო წინაა აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქევყნებთან შედარებით: მოლდოვა, უკრაინა.

ანგარიშის იმ თავის ავტორი, რომელიც საქართველოს ეხება, ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი