ახალი ამბები

პრეზიდენტის ინიციატივით, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულებისთვის 54 300 ლარი გამოიყო

9 აპრილი, 2016 • 1916
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულებისთვის 54 300 ლარი გამოიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯახებისა და დაზარალებულების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოიყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაღუპულთა ოჯახებს და თითოეულ დაზარალებულს მოხმარდება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი.

მისი თქმით, საქართველომ ეს ბრძოლა ღირსეულად გაიარა დამოუკიდებლობიდან და ქვეყანა ახლა მიდის თავისუფლებისაკენ.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველო დღეს ზეიმობს 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე ზეიმობს 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ხელკეტებითა და მხუთავი აირით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი