ახალი ამბები

კვირიკაშვილი: 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად

9 აპრილი, 2016 • 1632
კვირიკაშვილი: 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად

“9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

პრემიერმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.

“ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა თუნდაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით:

“9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, ისტორიად იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას.”

პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 9 აპრილის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა ხელკეტებითა და მხუთავი აირით საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ასევე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი