ახალი ამბები

უსუფაშვილი: კოალიციური წლების განმავლობაში რესპუბლიკელებზე წნეხი და დაწოლა იყო

8 აპრილი, 2016 • 1530
უსუფაშვილი: კოალიციური წლების განმავლობაში რესპუბლიკელებზე წნეხი და დაწოლა იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხდა, რომ “კოალიციური წლების” განმავლობაში რესპუბლიკელებზე და პირადად მასზეც წნეხი და ზეწოლა იყო.

ეს განცხადება უსუფაშვილმა  საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაში “ინტერVIEW” გააკეთა. მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც, მისი განცხადებით, რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“აქ იყო ბევრი ფაქტორის ერთობლიობა. რეალურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით, პოლიტიკაში, არასდროს არ ხდება, რომ ერთი კონკრეტული მიზეზია გაშიშვლებული და სხვა ფაქტორები არ არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა, ჩემი აზრით, ინტერესთა თანხვედრა და დამთხვევა. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ჩვენთან შეხვედრის დროს ძალიან მკაფიოდ და მყარად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის იყო მოწადინებული და მას სურდა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა კოალიციური პარტნიორობა არჩევნებზეც და მის შემდგომაც, ამ შეხვედრის მერე ჩვენ ძალიან მალე მოვისმინეთ სრულიად სხვა განწყობები მის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც სრულიად აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ  პარტიას, როგორც ასეთს, ჰქონდა სხვა განწყობები. ეს იყო, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, რესპუბლიკურ პარტიაში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მომავალ არჩევნებზე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნერვებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ნერვები წესრიგში რომ არ გვქონოდა, ვერც ალასანია დაგვასწრებდა სადმე წასვლას და ვერც სხვა ვინმე. ამ შემთხვევაში, მე ალასანიას ნერვებს არ ვაკრიტიკებ.

წნეხი და დაწოლა რესპუბლიკურ პარტიაზე, პირადად ჩემზე, სხვებზე, კოალიციური წლების განმავლობაში, მე შემიძლია სრულიად ღიად და თამამად განვაცხადო, რომ არავის არ ჰქონია იმხელა, რაც იყო ჩვენზე: საჯაროდაც, შიგნიდანაც, ფარულიც, ღიაც და ძალიან ბევრნაირი,”- ამბობს უსუფაშვილი.

წამყვანის შეკითხვას, იყო თუ არა წნეხი პარტია “ქართული ოცნებიდანაც”, უსუფაშვილი პასუხობს, რომ ეს იყო “ყველა მხრიდან”:

“იმიტომ, რომ არასდროს არ იყო ყველა კმაყოფილი იმით, რომ რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა პროცესების გარკვეულ ნაწილზე: ეს იყო საგარეო მიმართულება; დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულება; თვითმმართველობის მიმართულება; მოსმენების საკითხი; გახსოვთ კანონებთან დაკავშირებული მთელი ამბები; პროკურატურის რეფორმის წამოწყება, რომელიც ნაწილი გაკეთდა, ნაწილი ვერ გაკეთდა და ეს გასაკეთებელია – ამაში შეიძლება გვქონდეს ჩვენ განსხვავებული აზრები პარტია ქართულ ოცნებასთან, თუ კიდევ რა არის გასაკეთებელი; იმასთან, რომ უშიშროების სამსახური უნდა გამოყოფოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამაზეც შეიძლება ძალიან ბევრი არ იყო კმაყოფილი,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც  2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი გახდა,  2016 წლის 31 მარტს განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არჩევნებამდე დარჩებიან კოალიციის შემადგენლობაში და თანამდებობას არც რესპუბლიკელი მინისტრები დატოვებდნენ. არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს პარტია ქართული ოცნებაც. ირაკლი ალასანიამ და პარტია “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 2014 წლის ნოემბერში, “კაბელების საქმის” სკანდალის პარალელურად დატოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი