წულუკიანი: თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, საქართველოში ვიხილავთ

“დღეს არ დაკმაყოფილდა ექსტრადიცია, ხვალ დაკმაყოფილდება,”- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ვესტმინსტერის სასამართლოს უარს საქართველოში დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე:

“საქართველოს პროკურატურას არ დაუყრია ფარ-ხმალი და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი თვის განმავლობაში ეფექტური ნაბიჯების გადადგმის შედეგად ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანა ბატონი “მასტერა” იმ ქვეყნიდან, სადაც ის ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა ხვალ, საქართველოში ვიხილავთ. ამისთვის მუშაობა არ ჩერდება.”

წულუკიანის თქმით, თუ დღეს საზღვარგარეთ რომელიმე სასამართლო ვერ დარწმუნდა, ხვალ დარწმუნდება.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის  ექსტრადირებაზე დიდ ბრიტანეთში, ვესტმინსტერის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას უარი განუცხადა – ამის შესახებ ნეტგაზეთს კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელი ესაუბრა.

მინდელის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ინგლისს კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით 2015 წლის ივლისში მიმართა. კეზერაშვილის ექსტრადირებაზე 2014 წელს უარი განაცხადა საფრანგეთის სასამართლომ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.