ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: “თავისუფალი დემოკრატების” დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია

6 აპრილი, 2016 • 1663
ზურაბ აბაშიძე: “თავისუფალი დემოკრატების” დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ პარტიის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო დაფინანსებაა:

“ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვართ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელიც მან მიიღო, როგორც არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ. ასევე, შემოწირულობები, რომელიც პარტიაში არსებობს, ღიაა და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია. გარდა ამისა, ის ბიზნესმენები, რომლებიც საჭიროდ თვლიან, “თავისუფალ დემოკრატებს” დაუდგნენ გვერდით, ეს იქნება სწორი და აუცილებელი სწორედ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის,”- ამბობს აბაშიძე და აღნიშნავს, რომ არჩევნებში “საკმაოდ სერიოზული კამპანიით წარდგებიან.”

2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობს ახალი პოლიტიკური ცენტრი (გირჩი), მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსია, ხოლო მესამეზე – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია “ბედნიერი საქართველოსთვის”. ამ მონაცემების მიხედვით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 000 ლარი მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი