ახალი ამბები

პარლამენტი მიწის რეგისტრაციის თაობაზე მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს

6 აპრილი, 2016 • 1803
პარლამენტი მიწის რეგისტრაციის თაობაზე მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავს

დღს, 6 აპრილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და მისი მიზანი არის “ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებით უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ”

კანონპროექტით, მარეგისტრირებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე საკუთარი ინიციატივით განახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერასა და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას, საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში და სხვა უფლებამოსილებებს:

” კანონპროექტით, მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მუნიციპალიტეტის როლი, ვინაიდან სწორედ ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობით განხორციელდა საქართველოში მიწის რეფორმა. მუნიციპალიტეტი პროექტით გათვალისწინებულ პროცესებში ჩართულია ამ კანონის მიზნებისათვის სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებას. დელეგირებულ უფლებამოსილებაზე დარგობრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,”- აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოები იწარმოებს სისტემურად და საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება კანონპროექტით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის განცხადება, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ამ პროექტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

პროექტის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების საფუძველია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მითითებით, ხოლო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა (მიწის ნაკვეთის საზღვრები და კონფიგურაცია მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) დადასტურდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობა. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესრულდება კანონპროექტისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ამ კანონპროექტთან ერთად მომზადდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი:

“რომლითაც დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენის წესი, განისაზღვრება აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენაზე უფლებამოსილი პირები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში მიწის ნაკვეთის აზომვის ერთიანი სტანდარტის შემოღებას. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შედეგად შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემების შესაბამისობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან დადასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. პილოტური პროექტის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების ვალდებულება დაეკისრება სააგენტოს. “

სახელმწიფო პროექტის მიმდინარეობისას იდენტიფიცირებული დავების გადაწყვეტის მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს დავების განხილვის ალტერნატიული საშუალების – მედიაციის, მათ შორის სანოტარო მედიაციის, არსებობას:

“კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტას უზრუნველყოფენ მედიატორები ან/და მედიატორი ნოტარიუსები. მედიაციის მოქნილი და ეფექტიანი მუშაობა ხელს შეუწყობს მხარეთა მორიგებას სადავო უფლებასა ან საზღვარზე.”

კანონპროექტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის წესი გავრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 იანვრის N231 დადგენილების საფუძვეზე სისტემურად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპორადულად რეგისტრირებული ნაკვეთების მდებარეობის დადგენის შემთხვევებზეც და გახდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების გასწორების საფუძველი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საფუძველზე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლის მესაკუთრედ რეგისტრაციის წესს, მხარეთა შორის სამართალურთიერთობის არსებობის აღიარების გზით:

“რაც ხელს შეუწყობს სოფლად ფორმის დაუცველი გარიგების საფუძველზე სამოქალაქო ბრუნვაში მიქცეულ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა გამარტივებული წესით რეგისტრაციას. კანონპროექტით გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები, რაც ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა და უზრუნველყოფს ხარვეზიანი დოკუმენტების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციას, თუ მთლიანობაში დგინდება დოკუმენტის ავთენტურობა.”

პროექტი ითვალისწინებს ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერების ნოტარიუსის მიერ დამოწმების ვალდებულებას:

“ნოტარიუსის ჩართვა დოკუმენტების შედგენისა და დამოწმების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან მისი მონაწილეობა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტებს ლეგიტიმურობას სძენს და ამ გზით უფლებათა რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე უფლებათა რეგისტრაციის სტიმულირების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გათავისუფლებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისგან, მიწაზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესი ფერხდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიებისათვის აუცილებელი ხარჯების გამო.”

პროექტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მედიაცია, ფაქტების კონსტატაცია) შესრულდება უსასყიდლოდ (საზღაურის გადახდის გარეშე) და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მასში ცვლილება დარეგისტრირდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. რაც შეეხება აზომვითი სამუშაოების საფასურს, სახელმწიფო პროექტის, მათ შორის, პილოტური პროექტის, ფარგლებში წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები ანაზღაურდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად, რომლითაც შემუშავდება ფინანსური დახმარების შესაბამისი მექანიზმი მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმებით.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი