ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხიდაშელი: რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

5 აპრილი, 2016 • 1192
ხიდაშელი: რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება,”- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესების შესახებ მედიასთან საუბარში.

„საქართველოს მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ რეგიონისა და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ უპირველესი – ცეცხლის შეწყვეტის ამოცანა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის მთავარი ამოცანა დღეს ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან”, – აცხადებს მინისტრი.

ხიდაშელის თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, წარმატებით დასრულდება.

“ასევე იმედის მომცემი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სწორედ ასეთ ფორმატებში, ასეთი დიალოგების დროს შეიძლება იყოს ნაპოვნი ის ოქროს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება და ეს არის ერთადერთი ამოცანა, რომელსაც ქართული სახელმწიფო დღეს ემსახურება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი