ახალი ამბები

ზვიად კვაჭანტირაძე: მოწადინებული ვართ, რომ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახდინოთ

4 აპრილი, 2016 • 1510
ზვიად კვაჭანტირაძე: მოწადინებული ვართ, რომ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახდინოთ

გიქმნით თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ პარლამენტში უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებით ინარჩუნებთ – ამ კიხვით “ნეტგაზეთმა” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს მიმართა.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ეს ადამიანები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არასოდეს ყოფილან:

“ნაციონალური მოძრაობის წევრები ეს ადამიანები არ ყოფილან არასდროს. ”

რეპლიკაზე, რომ ამ დეპუტატების ნაწილი  პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა, ხოლო ნაწილი  პარტიის სახელით გამარჯვებული მაჟორიტარი-დეპუტატები არიან, კვაჭანტირაძემ განაცხადა:

“ეს არასწორი მიდგომაა, ჩვენ ხელისუფლება მხოლოდ ჩვენთვის არ გვინდა. როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით, მაშინაც ვამბობდით, რომ მარტო “ქართული ოცნების” მომხრეებისათვის არ გვინდა ვიყოთ ხელისუფლებაში. დღესაც პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ამაზე საუბრობს, რომ ჩვენ იმისთვის ვართ მოწადინებული, რომ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახდინოთ.”

“ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების ხარჯზე ინარჩუნებს.

ფრაქციაში “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის” ექვსი დეპუტატი ერთიანდება. ესენი არიან გოჩა ენუქიძე, გურამი მისაბიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და იაშა შერვაშიძე.

ასევე ექვსი წევრისგან შედგება ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები” : კახაბერ ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.

ამ ფრაქციების წევრმა დეპუტატებმა  “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა დროს დატოვეს. “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ  უმრავლესობის დაშლის საფრთხე დადგა, რის გამოც ყოფილი “ნაციონალებისთვის” უმრავლესობის კარი გაიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი