ახალი ამბები

“ქართული ოცნება” უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებით ინარჩუნებს

4 აპრილი, 2016 • 1443
“ქართული ოცნება” უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებით ინარჩუნებს

“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ კოალიცია “ქართულ ოცნებას”  81 დეპუტატი დარჩა, რაც უმრავლესობის შესანარჩუნებლად საკმირისია,  რადგან ზღვარი 76 მანდატზე გადის. თუმცა “ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების ხარჯზე ინარჩუნებს.

ფრაქციაში “დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის” ექვსი დეპუტატი ერთიანდება. ესენი არიან გოჩა ენუქიძე, გურამი მისაბიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი და იაშა შერვაშიძე.

ასევე ექვსი წევრისგან შედგება ფრაქცია “უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები” : კახაბერ ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.

ამ ფრაქციების წევრმა დეპუტატებმა  “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა დროს დატოვეს. “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ  უმრავლესობის დაშლის საფრთხე დადგა, რის გამოც ყოფილი “ნაციონალებისთვის” უმრავლესობის კარი გაიღო.

საპარლამენტო უმრავლესობაში სულ ექვსი ფრაქციაა. “ქართული ოცნება” 47 დეპუტატისგან შედგება, “რესპუბლიკური” პარტია- 10 დეპუტატისგან, მრეწველები და  კონსერვატორები 6-6 დეპუტატისგან.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ  4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” ფრაქციაში 6 დეპუტატი წევრიანდება: სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაიურაძე, გიორგი ხეჩინაშვილი, შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და გუბაზ სანიკიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი