” ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ხალხს შორის,” ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 4 აპილს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ყველა პრობლემა მშვიდოაბიანი გზით უნდა მოგვარდეს:
”სამწუხაროდ, იცით, რომ არის მსხვერპლი. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ხალხს შორის. ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ურყევი – ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში. გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი და დარწმუენბული ვართ, რომ ისინი ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღბენ, რაც ესკალაციას შეაჩერებს.”
მისვე სიტყვებით, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული პროცესებში:
“საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, შესაბამისი უწყებები, ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული შესაბამის პროცესებში, არიან კონტაქტში შესაბამის თანამდებობის პირებთან. ეს არის აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც და ჩვენს სამეზობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამ საკითხში, მგონი, ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და ასე იქნება მომავალშიც.”
2 აპრილის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის კუთვნილი ვერტმფრენი მოწინააღმდეგე მხარემ ჩამოაგდო. როგორც ბაქო, ასევე ერევანი აცხადებენ, რომ დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, ორივე მხარე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, – არ დაუშვან სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.